ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიებისა და ნებისმიერი ალიანსის მთავარი პრობლემა არის პოლიტიკისა და საზოგადოების გამიჯვნა. მე არ ვიცი (“ოპოზიციური ალიანსის”) შემდგომი ნაბიჯები რა იქნება, მაგრამ მე ჩემს კოლეგებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ გვჭირდება საზოგადოების დაბრუნება პოლიტიკურ პროცესში, აქ ნდობის დეფიციტი არსებობს , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ცქიტიშვილმა დადებითად შეაფასა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანება და მათი ალიანსის შექმნა, თუმცა, მისი თქმით, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ საზოგადოებაში ნდობის ნაკლებობაა და ამ მიმართულებით საჭიროა მუშაობა.
“მე ამ მოლაპარაკებებში არ ვყოფილვარ მონაწილე და მე რამდენადაც ვიცი, ეს პროცესი პარტიებს შორის კონსულტაციებით მიმდინარეობდა. მე ყოველთვის ვიძახი და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც სულ ვსაუბრობდი, რომ პარტიებს შორის კოორდინაცია და ურთიერთობა უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, ჩვენ მოგვწონს ერთმანეთი თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც აქვთ ამოცანა, რომ ქვეყანა დააბრუნონ დემოკრატიული განვითარების გზაზე, ჰქონდეთ კოორდინაცია და ურთიერთობა. ის, რომ გადაიდგა ნაბიჯი და რამდენიმე პარტია საერთო პრინციპებზე თანხმდება, ეს ძალიან კარგია.
მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიებისა და ნებისმიერი ალიანსის მთავარი პრობლემა არის პოლიტიკისა და საზოგადოების გამიჯვნა. არა ის, რომ საზოგადოებაში პროტესტი აღარ არის, რა თქმა უნდა, არის პროტესტი, უბრალოდ, გარკვეულწილად, პოლიტიკა, პოლიტიკოსები და საზოგადოება გაიყო და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა – პოლიტიკოსებმა როგორ დაიბრუნონ მოსახლეობის ნდობა და ეს ნდობა არის აღსადგენი. ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, ცალსახად ამისკენ არის მიმართული. მე არ ვიცი (“ოპოზიციური ალიანსის”) შემდგომი ნაბიჯები რა იქნება, მაგრამ მე ჩემს კოლეგებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ გვჭირდება საზოგადოების დაბრუნება პოლიტიკურ პროცესში, აქ ნდობის დეფიციტი არსებობს ბევრი შეცდომის გამო, ბევრი ნაკლოვანების გამო, რომელიც თითოეული ჩვენგანს გვქონდა ამ პროცესში და ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “ქართული ოცნების” დეპუტატების ამერიკაში ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან არასერიოზულია ამ ვიზიტის შეფუთვა, როგორც დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვა.
“ეს არასერიოზული ვიზიტია, მათი მასპინძელი არის ადამიანი, რომელიც რუსული სენტიმენტებით გამოირჩევა. არასერიოზულია ამის შეფუთვა, როგორც დასავლეთთან თანამშრომლობის აღდგენა. ძალიან კარგად იცის ნიკა სამხარაძემ ეს, მაგრამ პროპაგანდას შეუძლია ეს შეფუთოს, როგორც რაღაც გარღვევა. არ არის რეალურად გარღვევა, მათ სერიოზულად არავინ ელაპარაკება.
“ქართულ ოცნებას” იმიტომ კი არ უნდა ტრამპთან ურთიერთობა, რომ ამით ამომრჩეველსა დაიბრუნებს, მათ ეს იმიტომ უნდათ, რომ ფული აკეთონ, შემდეგ ჰქონდეთ გარკვეული წვდომა დასავლურ ბაზრებთან, ტრანზაქციულ ურთიერთობაზე გადაიყვანონ, არ იყვნენ იზოლირებულები და არ იყვნენ კეთროვნები საგარეო პოლიტიკაში.
რეალურად, “ქართულ ოცნებას” სჭირდება შავი ფულის გათეთრებისთვის სივრცე. შავი ფული რომ გაათეთრო, შენ გჭირდება ტრანზაქციული ურთიერთობები რაღაც ლეგალურ ბაზრებთან. თუ ასეთი იზოლირებულები დარჩნენ, როგორც არიან, შავ ფულსაც ვეღარ გაათეთრებენ და რუსეთისთვისაც კი ნაკლებად საინტერესო ხდება ასეთი “ქართული ოცნება”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.




