ნათია ფანჯიკიძე: ადამიანებს მეგობრის პლაკატი ჩამოახიეს თავზე

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფასადიდან ამავე თეატრის მსახიობისა და სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს. მიზეზად ახალი ბანერის გაკვრა მოიტანეს, რომელიც იუწყება, რომ მუსიკალური პროექტი იწყება და ყოველ სამშაბთს ამ თეატრში უნდა ჩატარდეს. ფაქტს წინააღმდეგობა გაუწიეს მსახიობებმა, თუმცა ამაოდ. საპახუხოდ კი, თეატრის დასი დატოვეს – ნანკა კალატოზიშვილმა, ეკა დემეტრაძემ, მანუ თავაძემ, ანასტასია ჭანტურიამ, დავით ბეშიტაშვილმა, გივიკო ბარათაშვილმა, კახა კინწურაშვილმა... სია იზრდება…

ფაქტს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქზე წერს.

“ადამიანებს მეგობრის პლაკატი ჩამოახიეს თავზე.

ვითომ ცოტნე დადიანის მაგალითზე აღზრდილ ერს ურთიერთობის და მეგობრობის ქართული კულტურის რღვევა ეროვნულობის შენარჩუნებად მიგვაჩნია?

ქართველი მსახიობებისგან სამსახურის დატოვება და სოლიდარობის მსგავსი ჟესტები პატარა მსხვერპლი არ არის. მოგეხსენებათ, არც ჰოლივუდის ვარსკვლავების მსგავსი შემოსავლები აქვთ და კიდევ თავიანთ საყვარელ საქმეს ტოვებენ. ნამდვილად დიდ პატივისცემას იწვევს მეგობრის ერთგულების ეს ფორმა.

ირაკლი რობაქიძე: გივიკო ბარათაშვილი თამაშობდა სპექტაკლში “მე გადავცურაც ზღვას”, რომლის ბილეთის მოპოვებასაც 1 წელზე მეტი ვცდილობდი და ბოლობოლო, ჩემმა მეგობარმა მიყიდა ტელეფონით (ყიდვისთვის რამდენიმე ადამიანი ყველა გაჯეტით რიგში ვიდექით).

როგორც ვეტერანი, “ორთოდოქსი” ირაკლიჩარკვიანისტი თავს უხერხულად ვგრძნობდი, რომ ეს სპექტაკლი ნანახი არ მქონდა. მართალია, არ ვიცოდი, სცენაზე რა დამხვდებოდა, მაგრამ ბილეთები რომ საქართველოს ნაკრების 2024 წლის თამაშების ბილეთებივით დეფიციტური გახდა, საფიქრებელი იყო, რომ რაღაც ძალიან მაგარი იყო.

ბილეთების დამტაცებლები არ შემცდარან – სცენაზე მართლა საოცრება ხდებოდა. ამ სპექტაკლს მოჰქონდა ზუსტად ისეთი drive, როგორც ირაკლი ჩარკვიანსა და მის ზოგიერთ მუსიკას.

ჰოდა, გივიკო ბარათაშვილს ვინ შეცვლის იმ სპექტაკლში?

ისევ ფეხბურთს რომ შევადაროთ – ჟორჟი რომ არ გვყავდეს 9-იანზე, ვინ ითამაშებს მის ადგილას მასავით?

ვერავინ (ერთხელ დოიმ თქვა, მსახიობი არ მყავს, ანდროს ნაცვლად რომ ვათამაშოო).

და საერთოდ, რას მოჰყვა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან ნანკას, კინწურაშვილის, დემეტრაძისა და გივიკოს წასვლა?

თეატრის კედლიდან მათი უკანონოდ დაპატიმრებული მეგობრის ბანერის ჩამოხსნას ხომ არ?

ერთი წამით შევეშვათ ყველანაირ პოლიტიკასა და სამართლის ძიების პრობლემას და ასე შევხედოთ – მეგობრის გამო, სახელმწიფოს მხრიდან მისადმი უსამართლო მოპყრობის გამო, რამდენმა ადამიანმა შეძლო მთელი წელი ქუჩაში დგომა და სამსახურიდან წამოსვლა?

არ არსებობს მორალური კატეგორია, რომლის მიხედვითაც, ვინმეს რამეს მოსთხოვ, მაგრამ მსახიობებმა ნამდვილად შეძლეს ეჩვენებინათ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს თავისუფლებაც, ბრძოლის ენერგიაცა და მეგობრობაც.