“დღეს, ვანოს დაღუპვის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩავიცვი ნაბრძოლი ფორმა, ნაომარი შევრონები მკლავებზე დავაკარი და ისევ წავედი აეროპორტში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას დასახვედრად.
სამიოდე დღის წინ, კიდევ ჩამოუსვენებიათ ჩვენი მებრძოლი, ტყვეობაში წამებით მოკლული, მაგრამ სამწუხაროდ ეს ამბავი ვერ გავიგე.
ომიდან ჩამოსვლის შემდეგ ფორმა სხვა შემთხვევაში არც ჩამიცვია და თუ
ისევ ბრძოლაში არ დამჭირდა, ვერც წარმომიდგენია რომ ჩავიცვა.
თუმცა დაღუპული მებრძოლის პატივსაცემად, თავს ვალდებულად მივიჩნევ სწორედ ნაბრძოლი ფორმით დავხვდე მას.
როგორც სხვა დროს, ახლაც ოდნავ გვიან მივედი, რადგან უკრაინული ფორმის დანახვა ცხადია ყურადღებას იქცევს და მე კი დიდი ხანია არ მხიბლავს ეს ამბავი.
სამწუხაროდ ძირითადად ნათესაობა იყო შეკრებილი, აღარც სახელმწიფოს მხრიდან საპატიო ყარაული. არც ტელევიზიები.
ორიოდე ნაცნობს თუ მოვკარი თვალი, მივესალმეთ.
ასე ვიდექი ჩემთვის მარტო ოდნავ მოშორებით და უცებ დავინახე ათიოდე წლის პატარა ბიჭი მოდიოდა ჩემკენ, შორიდანვე მოკრძალებით, რაღაცნაირად გაუბედავად.
ორიოდე ნაბიჯზე დადგა და მომესალმა. მაშინვე მივხვდი, სამეგრელოდან ჩამოსული ნათესავი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ იქ იციან ასე ზრდილობიანად უცხოსთან მისალმება, აშკარად როგორც მისი სტუმარი, ისე მიიღო. ვალდებულად იგრძნო თავი უცხოს მომსალმებოდა, ისევე როგორც რამდენიმე ჭირისუფალი მომესალმა.
დავუკარი თავი, მეც მივესალმე.
Გაჩერდა იმ ორიოდე ნაბიჯის მოშორებით, ისე რომ ცხადად ჩანდა ის ცნობილი მეგრული ზრდილობა, თავდაჭერილობა უფროსთან და თან უცხოსთან ურთიერთობისას.
მარტივად მივხვდი სამხედრო ფორმამ და უკრაინულმა შევრონებმა მოიყვანა ჩემთან. ბავშვია მაგრამ, მაინც არ გამომიხატავს საუბრის სურვილი, რაღაცნაირად მშრალად მივიღე. თუმცა მისი ქცევიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდანაც პატივისცემით.
-თქვენ უკრაინიდან ხართო? მოკრძალებულად მკითხა ხმადაბლა ორიოდე წამის შემდეგ.
-არა, უკრაინიდან როგორ ვიქნები, ქართველი ვარ მეთქი, გავუღიმე.
გაჩუმდა.
-მაგრამ უკრაინაში ვიყავი.
-ომობდითო?! ბავშვური ცნობისმოყვარეობა ჩანდა მისი თვალებიდან.
ისევ გავუღიმე და ოდნავ დავუქნიე თავი.
გაუბრწყინდა თვალები.
-ბაკურის თუ იცნობდითო?!
Ეს ამბავი რომ გავიგე, როგორც სხვა მსგავს დროს ხდებოდა, ვეცადე აღმედგინა მეხსიერებაში ვიყავით თუ არა სადმე შეხვედრილი. ცნობით ნამდვილად არ ვიცნობდი, მაგრამ რაკი 2022-ში იქ ყოფილა, შეიძლებოდა გადავიკვეთეთ სადმე, როგორც ხდებოდა, ზოგჯერ შემთხვევით, ზოგჯერ საქმეზე, ზოგჯერ ჩვენი მებრძოლების გამოსვენებაში, ვოლოდიმირის ტაძარში მიგვისამძიმრებია ერთმანეთისთვის.
ბევრი დაღუპული მებრძოლი აღმიდგენია მეხსიერებაში ასე, მაგრამ ეს ბიჭი ნამდვილად ვერ გავიხსენე ამ დღეებში.
ამიტომ ასეც ვუპასუხე ამ ბავშვს, იქნებ სადმე შევხვედრივართ, მაგრამ არ მგონია, არ მახსოვს მეთქი.
იდგა თავისთვის ცოტა ხანი იქვე, მეც აღარ მივაქციე ყურადღება, ჩემს ფიქრებში გართულმა.
Წავიდა, მივხვდი ზედმეტად აღარ შემაწუხა.
Რომ გამოასვენეს ეს მებრძოლი, ტრადიციულად ფეხით გამოვყევით ასიოდე მეტრი უკან.
ეს ბავშვი ჩემზე წინ მიდიოდა, გარდაცვლილის მეუღლეს ამოუდგა გვერდით და ეს ქალი ჩაეხუტა.
მაშინ მივხვდი.
ეს ხომ შვილი არის მეთქი?! იმ წამსვე ვიკითხე და კიო!
მყისიერად გამიელვა თავში რაც გავაკეთე, მოკლული მეომრის შვილი ჩემთან მოვიდა, როგორც მამის უცნობ თანამებრძოლთან, იმ იმედით რომ იქნებ რაღაც მეთქვა მამაზე, იქნებ რაღაც გაეგო ახალი ჩემგან და მე ასე ცივად გავისტუმრე.
ეგრევე მოვწყდი ადგილიდან, გავიქეცი, მივედი, ჩავეხუტე დედაზე მიკრულს და ვუთხარი რომ გამახსენდა, რომ გავიხსენე, რომ ვიცნობდი მამამისს და ძალიან, ძალიან მაგარი მამა ჰყავდა!
Ძალიან, ძალიან, მაგარი!
Არ იფიქროთ რომ მოვატყუე.
Მე ყველას მამას ვიცნობდი ვინც იქ დაეცა.
და მერე რა თუ არ შევხვედრივართ ბევრთან.
Მე ვიცი ის გზა რაც გაიარეს.
Მე ვიცი ის, რაც იფიქრეს ბოლო წამს.
მე ვიცი ის, რას იფიქრებდნენ ახლა.
ვიცი.
შეუძლებელია არ ვიცოდე.
თქვენც იცით.
Ამიტომ მაშინაც კი, როდესაც პირადად არ იცნობთ, გამონახეთ წამი დახვდეთ ბრძოლაში დაღუპულ მეომარს, რომ უკანასკნელ გზაზე პატივით გააცილოთ.
მდუმარედ, სულ ორიოდე წუთით. სულ მარტოც რომ
იყოთ.
და თქვენც თუ გკითხათ ოდესმე მათმა შვილმა, იცნობდით თუ არა მას, უპასუხეთ რომ იცნობდით და მას ძალიან, ძალიან მაგარი დედა, ან მამა ჰყავდა.
უპასუხეთ და ერთი წამით არ იფიქროთ რომ ტყუილს ამბობთ, რადგან დედამიწაზე არ არსებობს ამაზე უფრო დიდი სიმართლე.
დიდება გმირებს!
” | სამხედრო გიორგი მღებრიშვილი




