ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: [ოცნება] ყველანაირ ფანტაზიას მიმართავს კრიტიკული საზოგადოების გასანადგურებლად (ვიდეო)

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი “ქართული ოცნების“ რეპრესიულ კანონმდებლობას აკრიტიკებს, მათ შორის, დაანონსებულ ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც “კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება“ დასჯადი გახდება.

ნაჩო სანჩეს ამორმა კომენტარი „პუბლიკასთან“ გააკეთა.

ევროპარლამენტარის შეფასებით, “ეს არის სრული ავტორიტარული სვლა.“

„ეს არის სრული ავტორიტარული სვლა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული ყოველი საშინელი კანონმდებლობა, რაც კი ოდესმე შექმნილა ან თუნდაც არ შექმნილა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოიყენა ნებისმიერი სახის კრიტიკაზე თავდასხმისა და შევიწროებისათვის. ეს ბოლო კანონპროექტი, იმ კანონპროექტის დაანონსება, რომელიც მთავრობის უარყოფას ან დელეგიტიმაციას ეხება, რეპრესიული პოზიციის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ის, რომ პოლიტიკური პოზიცია, უარყო მთავრობის ლეგიტიმაცია იმის გამო, რაც არჩევნებზე მოხდა, კრიმინალიზებული იქნება, ნამდვილი სიგიჟეა. ისინი ყველანაირ ფანტაზიას მიმართავენ, რათა მოძებნონ ყველა გზა კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად“, – თქვა ნაჩო სანჩეს ამორმა.

ის, რომ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება და 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება, ცნობილი 16 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გახდა, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს გრანტებისა და პარტიების შესახებ კანონებში ცვლილება.

თავის მხრივ, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებიც რეპრესიულია. ახალი ცვლილებებით, გრანტად მიიჩნევა სხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის, ან იურიდიული პირისითვის გადაცემული ფულადი ან ნატურალური სახსრები და სჭირდება „ქართული ოცნების“ მთავრობის ნებართვა.