სახელისუფლებო მედია TACC-ს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განუცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლების სურვილი, ქვეყნის რკინიგზის მართვაში რუსეთის ჩაანაცვლოს, გაუაზრებელი გადაწყვეტილებაა და ამგვარი ნაბიჯის შემდეგ არსებული სისტემა შეიძლება “ერთ წამში დაინგრეს”.
შოიგუმ რომელიმე სხვა კომპანიის მიერ “რუსული სარკინიგზო ოპერატორის სრულად ჩანაცვლება” ეჭვქვეშ დააყენა, ხოლო მისი საქმიანობა სომხეთში “ძალიან ეფექტიანად” შეაფასა.
“იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სომხეთის მთავრობა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებით იხელმძღვანელებს” – თქვა შოიგუმ.
ცნობისთვის, 13 თებერვალს ფაშინიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ქვეყანამ, რომელსაც “მეგობრული ურთიერთობები” აქვს როგორც რუსეთთან, ისე სომხეთთან, “შეიძინოს სომხეთის რკინიგზის კონცესიური მართვის უფლებები”, რომლებიც ამჟამად 2008 წელს გაფორმებული 30-წლიანი შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მართვის ქვეშაა.
ფაშინიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება სომხეთს რუსეთის მართვის პირობებში “შედარებით უპირატესობის” დაკარგვის საფრთხის გამო სჭირდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ “ტრამპის მარშრუტის” გაგრძელებამ, რომელიც სომხეთის გავლით აზერბაიჯანის ნახიჩევანთან დაკავშირებას ისახავს მიზნად, შესაძლოა კვლავ სომხეთის ტერიტორიაზე გაიაროს, სადაც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს, თუმცა აღდგენას საჭიროებს.
ამას ალტერნატივად თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ უკვე გამოცხადებული პროექტი განიხილება, რომელიც თურქეთის ქალაქ ყარსიდან ნახიჩევანამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს.
ფაშინიანმა ასევე დაამატა, რომ მიუხედავად მისი მთავრობის გარანტიებისა, რომ რუსეთი “არ შექმნის დაბრკოლებებს ჩვენს რეგიონულ პროექტებზე”, ისინი სომხეთის გვერდის ავლით მარშრუტების მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდას მაინც ამჩნევენ.



