მედია: რა ქონებას ფლობენ ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი, რომლებიც სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

სუს-ის განმარტებით, ისინი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორია ყოფილი მაღალჩინოსნების ქონებრივ/ფინანსური მდგომარეობა.

ლევან დავითაშვილს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის 25 თებერვალს აქვს შევსებული. დოკუმენტაციის თანახმად, დეკლარაციის შევსების პროცესში მის საკუთრებაში იყო 2012 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი სოფელ შალაურში.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 13 934 ლარი ჰქონდა; ამასთან, 2024 წელს, ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 80 199 ლარი შეადგინა. მასვე 2024 წლის პერიოდში ყურძნის რეალიზაციიდან 12 ათასი ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

ამასთან, როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მის მეუღლეს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 3 069 დოლარი და 525 ევრო ჰქონდა; მასვე ნაღდი ფულადი თანხის სახით ავტომობილის გაყიდვიდან მიღებული 7 500 დოლარი ჰქონდა. დოკუმენტაციის მიხედვით, ის არის შპს Intermanagement-ს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, თუმცა როგორც დეკლარაციაშია მითითებული საწარმოს მუშაობით შემოსავალი არ მიუღია.

ცნობისთვის, ლევან დავითაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ივნისამდე იკავებდა. პოსტის დატოვების შემდეგ ის პრემიერის ირაკლი კობახიძის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოზიციაზე განაგრძობდა საქმიანობას; 2025 წლის ოქტომბერში კი გავრცელდა ინფორმაცია რომ დავითაშვილმა ეს პოზიციებიც დატოვა და კერძო სექტორში გადავიდა.

როგორც ცნობილია ლევან დავითაშვილი მთავრობიდან წასვლის შემდეგ იკავებს კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას. ცნობისთვის სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის ყულევის ნავთობტერმინალის პროექტი.

შეგახსენებთ, რომ ლევან დავითაშვილი იკავებდა ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც 2021 წლის 12 ივლისიდან. მანამდე 2016-2017 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი; ხოლო 2017-2022 წლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიცია ეკავა.

რაც შეეხება გიორგი ჩიქოვანს, ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის სექტემბერში აქვს შევსებული როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილ გენერალურ დირექტორს. დოკუმენტაციის თანახმად, დეკლარაციის შევსების მომენტში ჩიქოვანის საკუთრებაში იყო ორი ბინა თბილისში, რომელიც 2019 წელს 131 700 დოლარად ჰქონდა შეძენილი; მას ეკუთვნოდა იმავე მისამართზე მდებარე ავტოფარეხი და ბეთანიაში მდებარე აგარაკი, რომელიც მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული. მის მფლობელობაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი „ნისან სანი“.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 15 824 ლარი და 2 966 დოლარი. დოკუმენტაციის მიხედვით, ჩიქოვანი იყო 4 კომპანიის მეწილე, თუმცა დეკლარაციაში მითითებულია, რომ არცერთი საწარმო არ ფუნქციონირებდა.

ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას, გიორგი ჩიქოვანის მეუღლის საკუთრებაში იყო ავტოფარეხი თბილისში; ორი მიწის ნაკვეთის 50%-იანი წილები სოფელ კურდღელაურში; მასვე საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 9 911 ლარი, მათი შვილის ანგარიშზე კი 1 120 დოლარი ინახებოდა. რაც შეეხება შემოსავალს, ჩიქოვანის ჟურნალისტი მეუღლის წლიურმა შემოსავალმა 2024 წლის განმავლობაში ჯამურად, 63 509 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, გიორგი ჩიქოვანი ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად 2022 წლის ივნისში დაინიშნა. რაც შეეხება პოსტის დატოვებას, როგორც 2025 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, ჩიქოვანმა კორპორაციის დირექტორის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ იქამდე ის ენერგეტიკის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა. ამასთან, ჩიქოვანი სხვადასხვა წლებში იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი; საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე და ა.შ.

წყარო