ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“. საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა, – ასე ეხმაურება მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე იმ ფაქტს, რომ პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა და შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს.
როგორც იზა ომაძე აღნიშნავს, მას არ სჯერა პროკურატურის მიერ გავრცელებული მკვლელობის მოტივის ვერსიის და ის თავად დაამტკიცებს, თუ რა იყო მკვლელობის მოტივი.
“წარმოუდგენელი ბოროტებაა. ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“, საინტერესოა დღეს რას გვეტყვის მისი დედა. ჩემთვის დაუჯერებელია, რა საერთო უნდა ჰქონოდა ნიკოს ამ ხალხთან?
მოტივაციას რაც შეეხება, ამ ვერსიის არ მჯერა: „კანონიერი ქურდის“…. კანონიერი ქურდი ამ ქვეყანაში, ვინც თავისი პირით აღიარა, ვიცი ირაკლი ღარიბაშვილი. ვიღებ იმ კადრებს, რასაც ვუყურე, ვნახე საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მოტივს, ალბათ, საჭირო იყო გარკვეული მოტივი, მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი.
ემოციურად მძიმე დღეა. დავფიქრდები, გავაანალიზებ ყველაფერს. არგუმენტირებულად მაქვს, ვინ მფარველობდა ამ მკვლელებს, სახელებით და გვარებით! ამიტომ იურიდიულად განმტკიცებული მასალების შეგროვებას დავუთმობ დროს“, – აღნიშნავს ნიკო კვარაცხელიას დედა „ტვ პირველთან“.
თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილზე, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.
პროკურატურის ცნობით, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.




