კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე:
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში ვიმყოფები.
სლოვაკეთზე ყველა ქართველს, ალბათ, “რაჭა, ჩემო სიყვარულო” ახსენდება. ეს ფილმი სლოვაკეთთან განსაკუთრებულად გვაკავშირებს. და ეს დამოკიდებულება არ არის მხოლოდ “კინოსთვის მოგონილი”, – ჩვენი ხალხების ურთიერთობა მართლაც გამორჩეულია, ამიტომ ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გაღრმავება კიდევ უფრო ფასეულია.

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სლოვაკეთის კულტურის მინისტრ მარტინა შიმკოვიჩოვასთან. განვიხილეთ საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ვიმსჯელეთ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივაზე. ყურადღება გავამახვილეთ თეატრის, კინოს, ფოლკლორისა და სამუზეუმო მიმართულებებზე. ასევე, განვიხილეთ საქართველოსა და სლოვაკეთის კულტურის დღეების გამართვის საკითხი, რაც ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ვისაუბრეთ ორმხრივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

სლოვაკ მასპინძლებს, საქართველოს სახელით, ქალაქ ტრენჩინის ევროპის კულტურის დედაქალაქად გამოცხადება მივულოცე.
მიხარია, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის კულტურული ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად ორივე მხარე გამოვხატავთ დიდ სურვილსა და მზადყოფნას.





