საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხდება.
“არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თანამდებობაზე ზაფხულში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. ის თვლის, რომ დროა “ქართული ოცნება” მოემზადოს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის და შესაძლებლობა მიეცეთ სხვებსაც, დაიკავონ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
“ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ განიხილება მის შემცვლელად. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება.
“ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები: სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ყრილობა პარტიაში, რომელზეც მას პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ, 1 თებერვალს გაიმართება.
“ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!” – ასე დაამთავრა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება, რომელიც სულ 3 წუთს გაგრძელდა. ამ განცხადებაში ღარიბაშვილმა ტრადიციულად მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო. პირველად, 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილი შეცვალა და 2015 წლის 23 დეკემბრამდე იკავებდა ამ თანამდებობას. მეორე ვადით იგი პრემიერ-მინისტრი გახდა 2021 წლის 22 თებერვალს, გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ.
პარლამენტი პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს მმართველი პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს.