“რეალურად, ხალხისთვის და ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება. პრემიერ-მინისტრი ისევ გვეყოლება ირაკლი, ოღონდ უფრო მაღალი და უფრო სხვა ვარცხნილობით”, – ასე გამოეხმაურა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
კერძოდ, ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დატოვებს და ამ პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს.
როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, ამ ცვლილებებით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და ახლა საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავის “ბრჭყალები გამოაჩინა”.
“მე ასეთი განცდა მაქვს – იმის გამო, რომ მეტ-ნაკლებად მაინც გარიდებული იყო პოლიტიკურ და პარტიულ საქმიანობას ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების” ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი არიან ქვეყნის ბატონები და პატრონები, ჩათვალეს, რომ კორუფციაზე ხსნილი იყო და აქ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უნდა აჩვენოს, რომ, მართალია, მას ასაკი ემატება, მაგრამ ბრჭყალები არ გასცვეთია. ახლა ეს ამბები ბრჭყალების გამოჩენაა, სხვა არაფერი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.