კვერცხის მწარმოებელი კომპანია „დილას“ დირექტორის, გია ლობჟანიძის განცხადებით, დარგს კვერცხის ფასის მეტად დაწევის საშუალება არ აქვს.
ამის შესახებ მან პარლამენტში ფასებთან დაკავშირებით შექმნილ დროებითი კომისიის პირველ სხდომაზე განაცხადა.
„ადგილობრივი წარმოება ვართ, ოღონდ მთლიანად, 100%-ით დამოკიდებულები ვართ იმპორტზე. ჩვენი კვერცხის ფასი დგება ყოველთვის ოქტომბრის თვეში, როცა იწყება რუსეთიდან ხორბლის და სიმინდის შესყიდვა. ძალიან ბევრ რამეზეა ეს დამოკიდებული… ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთანხმება სუპერმარკეტებთან, რომ 1 თვით ადრე უნდა მივწეროთ კვერცხის გაძვირების შესახებ. მივწერეთ ეს. ჩვენ არ გვინდოდა ახალი წლისთვის კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან. 25 დეკემბერს იყო ბატონი პრემიერის გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისე გამოჩნდა, თითქოს საბოტაჟთან გვქონდა საქმე. კიდევ კარგი, რომ გვქონდა საშუალება სხვადასხვა ორგანიზაციაში და ბატონ პრემიერთანაც პირადად აგვეხსნა, თუ რატომ მოხდა ეს და შესაბამისი ნაბიჯიც გადავდგით, რომ დავუბრუნდით სწორ ფასებს. მაგრამ იმიტომ არ დავუბრუნდით, რომ დიდი მარჟა გვქონდა, უბრალოდ ჩვენი მოგების ხარჯზე დავუბრუნდით.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვერ დავუშვებ, რომ ჩემი წარმოება იყოს დაუცველი და არ ვიშოვო იმდენი ფული, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ვამუშაო… სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ჩვენ რომ გავაძვირეთ კვერცხი, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ახლაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დარგს, კონკრეტულად ჩემს საწარმოს, კვერცხის ერთი კაპიკით გაიაფების საშუალება არ აქვს. თუკი რამე იქნება, კომპლექსური მიდგომა და კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში იქნება რაღაცა დაწევა, რა თქმა უნდა… კომისიასთან ერთად, კონკრეტულ ორგანოებთან ერთად შეგვიძლია დავსხდეთ და შესაბამისად, [დავწიოთ ფასი]“, – განაცხადა გია ლობჟანიძემ.
ამასთან გია ლობჟანიძის თქმით, 2 თეთრით კვერცხის ფასის დაწევა გარღვევა არაა.
„დღიდან ამ კამპანიის დაწყებისა, ჩვენი დარგი ყოველთვის ფიქრობდა იმაზე, რა საქმიანი წინადადებები მოემზადებინა იმისთვის, რომ ყოფილიყო გარღვევა. კვერცხზე 2 თეთრით ფასის დაწევა არ ნიშნავს გარღვევას, ეს ნიშნავს უბრალოდ ფასის დაწევას. ჩემი აზრით, ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომელიც მოსახლეობას მისცემს იმის თქმის საშუალებას, რომ კვერცხის ფასმა დაიწია“, – განაცხადა გია ლობჟანიძემ.




