საქართველოში პლასტმასის ბოთლებით სასმელების გაყიდვის აკრძალვა იგეგმება

საქართველოში პლასტმასის ბოთლებით სასმელების გაყიდვის აკრძალვა იგეგმება.
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა 9 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ისაუბრა.
მისი თქმით, პლასტმასის ბოთლების გამოყენების აკრძალვა ეტაპობრივად მოხდება. პირველ ეტაპზე, ივლისიდან პლასტმასის მასალაში შეფუთული სასმლის გაყიდვა სარესტორნო ქსელებს,კვების ობიექტებსა და სასტუმროებს აეკრძალებათ.
აკრძალვა არ შეეხებათ მზესუმზირის ზეთსა და 10 ლიტრამდე მოცულობის სასმელი წყლის შეფუთვებს.
“ეს უნდა აიკრძალოს პირველად და უნდა იყოს საჩვენებელი. ისე როგორც, ჩვენ საჩვენებელი გავხადეთ იგივე საბიუჯეტო ორგანიზაციები, როგორც ერთ-ერთი მაგალითის მიმცემი, რომ შემდგომ მოხდეს მისი ტირაჟირება. მათთვის, ვინც საბიუჯეტო შესყიდვებს ვინც ექვემდებარება, პირველი აპრილიდან უკვე იკრძალება პლასტმასის ნაკეთობაში განთავსებული სასმელების შესყიდვა.
შემდგომი ეტაპი არის ის მეორე ეტაპი და, რაც მთავარია, შემდგომ მესამე ეტაპი გვექნება კიდევ, მათ ვადა აქვთ თითქმის ერთი წელიწადი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთოდ უნდა ვთქვათ პლასტმასზე უარი და ნებისმიერი მარკეტებში, ქსელებში პლასტმასში განთავსებული სასმელები არ უნდა გაიყიდოს. ეს არის შემდგომი ეტაპი. ამიტომ ეს იქნება მომავალი წლის სადღაც, სავარაუდოდ, თებერვლიდან. ესეც უკვე ინიციატივაა.
ჯერ, რა თქმა უნდა, მთავრობას არ მიუღია გადაწყვეტილება, მაგრამ ისე მივდივართ ჩვენ ეტაპობრივად, რომ უცებ ბიზნესს არ დააწვეს. ვიცით რასთან გვაქვს შეხება, რა რაოდენობა არის წარმოებული და ბაზარზე რა რაოდენობა თავსდება. აქვე განვმარტავ, რომ ექსპორტი არ იზღუდება“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ