სასამართლოში ე.წ. წინასასამართლო სხდომა გაიმართა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის საქმეზე, თითქოს, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საბაბით.
სასამართლომ დასაშვებად ცნო ბრალდების ყველა მტკიცებულება და საქმე არსებითად განხილვის ეტაპზე გადაიტანა.
საუბარია, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სადაც ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. თუმცა სხდომას მელია, ხოშტარია და ხაზარაძე არ დასწრებიან. ხაზარაძე საქართველოში არ იმყოფება. მელია და ხოშტარია კი, მათი ადვოკატების თქმით, ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობას არ აპირებენ.
წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დაშვება-არდაშვებაზე მსჯელობენ. ამის შემდეგ საქმე არსებითი განხილვის, მტკიცებულებების კვლევის ეტაპზე გადადის, თუ სასამართლო იმსჯელებს და მხარეთა არგუმენტების შეჯერების შედეგად გადაწყვეტს, რომ საამისო საფუძველი არსებობს. ასეთია კანონით დადგენილი წესი. თუმცა პოლიტიკურად მოტივირებულ მიმდინარე და უკვე დასრულებულ საქმეებში მოსამართლე არ ითვალისწინებს პოლიტიკური პატიმრების/ბრალდებულების ადვოკატების არცერთ არგუმენტს და სრულად აკმაყოფილებს პროკურატურის ყველა შუამდგომლობას.
წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებული პოლიტიკოსებისა და მათი ადვოკატების პროტესტი პროკურატურის მიმართ გამოიწვია იმან, რომ საქმის მასალებში ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის, რომელი მტკიცებულება რომელ ბრალდებულს ეხება, გარდა იმისა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათი შეფასებით, საერთოდ არ არის საქმესთან კავშირში. ადვოკატები ამბობენ, რომ ეს უზღუდავს მათ ბრალდებულების დაცვის საშუალებას, რამდენადაც გაუგებარი რჩება, რომელი მტკიცებულების დაუშვებლობაზე უნდა დააყენონ შუამდგომლობა მოსამართლესთან, ეს როგორ უნდა დაასაბუთონ, ან თავად მოსამართლემ როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
„ადამიანებს ასამართლებენ პოლიტიკური აქტივობებისთვის. საქმეში არის ყველა ინტერვიუ, რაც ოდესმე მიუციათ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს. ეს არის ბრალდების შემადგენელი ნაწილი და თითქოს, საბოტაჟის ნაწილი. მტკიცებულებებად არის მოტანილი ნანა კაკაბაძისა და ვატო შაქარაშვილის ჩვენებები. რისი მტკიცებულებაა მათი მოსაზრებები? რიტორიკულ კითხვად დავტოვებ. […] მტკიცებულებად არის მოტანილი ზელენსკის საიტის დათვალიერების ოქმი, არახამიას საიტის დათვალიერების ოქმი. სამართლებრივად კი არა, ლოგიკურადაც ვერ ვაკავშირებ საქმესთან. ამდენი ფანტაზია მე არ მაქვს. […] დავედით იქამდე, რომ პოლიტიკოსების პოლიტიკური განცხადებები შეიძლება გახდეს მათი საბოტაჟის მუხლით დევნის საფუძველი. ეს არამარტო არასამართლებრივია, არამედ საშიშია“, — თქვა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, რომელიც მამუკა ხაზარაძის ინტერესებს იცავს.
მთლიანად, სრული მოცულობით საქმის მასალების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა, რომელიც ნიკა გვარამიას ადვოკატია. საქმის მასალების უმეტესი ნაწილის იმ მოტივით, რომ ის საერთოდ „შემხებლობაში არ არის ნიკა გვარამიასთან“. დარჩენილი ორი მოწმის გამოკითხვის ოქმები კი [სადაც უბრალოდ ნახსენებია გვარამიას გვარ-სახელი] „ირიბი ჩვენებაა, რაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება“. შესაბამისად, ირიბი ჩვენება არ შეიძლება იქნას გამოყენებული პირისთვის ბრალის წასაყენებლად და განაჩენის გამოსატანად.
სასამართლოში ისაუბრა ნიკა გვარამიამაც ორ სხვადასხვა ეპიზოდში. მისი გამოსვლების მთავარ აქცენტებს ერთად გთავაზობთ:
„ეს საქმე 40-ზე მეტი ტომი ხომ არის? ვეძებე და ვერ ვიპოვე „ნიკა გვარამია“, რომელიც ქვემდებარე არის და რომელიმე შემასმენელი ახლავს თან — რომ აი, ნიკა გვარამია ახორციელებდა დანაშაულს. უნდა ეწეროს: „ქვეყანას დააკლდა ეს“. გამოიწვია ამანა და ამან. ჩაიდინა ამანა და ამან. ამ დროს, ამ ვითარებაში, ამ ქმედებებით. ეს არაფერი არ არის ბრალის დადგენილებაში. მოყვანილია სისხლის სამართლის ნორმა. ჩამოთვლილია მტკიცებულებების სახეობები და წერია, რომ ნიკა გვარამიას ბრალს ადასტურებს. ჩემ ნაცვლად თქვენი, ვალერიან ბუგიანიშვილის [მოსამართლე] გვარ-სახელი რომ ეწეროს, არაფერი შეიცვლებოდა. ჩემი ბრალის დადგენილებაში, ჩემზე არაფერი წერია. არც ბრალში და არც მტკიცებულებებში. ადრე ის მაინც ვიცოდი, რა ჩამითვალეს დანაშაულად — ცოლი დავსვი სამსახურის მანქანაზე და წულუკიანთან არ მივედი. აქ ვერ გავიგე. 40 ტომში არის სულ 2 წინადადება, სადაც ნახსენები ვარ. ვიღაც პოლიციელები, 2 ცალი კაცი, კახა ლამაზოშვილი და ნიკა სახელაშვილი, იძახის: 5 თუ 6 კაცი იდგაო, მათ შორის, ერთ-ერთი ნიკა გვარამია იყო მგონიო და რაღაცებს ლაპარაკობდა, ოღონდ რას ლაპარაკობდა, ვერ გავიგონეთო. ამდენუცნობიან განტოლებაში, რის საფუძველზე უნდა იმსჯელოთ? დაკითხულიც კი არ ვარ, რომ რამე წამომცდენოდა და ეგ გამოგეყენებინათ. იქნება უარვყოფ საერთოდ, რომ იქ ვიდექი? არ გაინტერესებთ? იქნებ თბილისში არ ვიყავი? ეგ რომ არ იცით, რა რიცხვში ვიდექი, გადაწყვიტეთ, რომ რიცხვი საერთოდ არ ჩაწეროთ, ეგება და მართლა არ ვიყავი თბილისში. იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ ეს პოლიციელები მართლა არსებობენ. არ ვიცი, სასამართლოში რომელი იპოსტასით უფრო ხშირად ვარ ნამყოფი, როგორც ადვოკატი თუ ბრალდებული. ბევრჯერ დავპირდი ჩემს თავს, აღარასდროს ვიტყვი, ასეთი რამ არ მინახავს-მეთქი, მაგრამ ვარღვევ პირობას. ეს ის შემთხვევაა, რომ მსგავსი არაფერი მინახავს. თავის დაცვა არ მეზარება. აზრი აქვს თუ არა, სხვა საქმეა. მომეცით ტექსტი, სად ვარ ნახსენები. რატომ მაკითხებთ ეკა გიგაურისა და ნანუკა ჟორჟოლიანის ჩვენებებს. რა დაგიმტკიცოთ, რა არ გავაკეთე-მეთქი? […] მკვდარ კატას იგივე კავშირი აქვს ამ საქმესთან, როგორც ეკა გიგაურის ჩვენებას“, — თქვა ნიკა გვარამიამ.
ადვოკატ ქეთი ჩომახაშვილის შეფასებით, — „საქმე გვაქვს პოლიტიკურ განცხადებებთან, შოუსთან, რომლის დადგმაც პროკურატურას უნდოდა და ახლა აქ ხდება იმის დაკანონება, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის პოლიტიკური განცხადება შეიძლება გახდეს მისი სისხლის სამართლით დევნის საფუძველი“.
პროკურატურის თქმით, ოპოზიციური ლიდერები, „საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“, აწვდიდნენ ინფორმაციას უცხო სახელმწიფოებს, რის შედეგადაც „300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“ სანქციები დაუწესდათ. ამას ედავებიან ზურა ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძესა და ელენე ხოშტარიას.
სწორედ ამ მიმართულებით დასვეს მთავარი აქცენტები თავის მსჯელობაში ზურა გირჩი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის ადვოკატებმა, ირაკლი ჩომახაშვილმა და ომარ ფურცელაძემ. ადვოკატების თქმით, ქვეყნები, რომელთაც „ოცნების“ წარმომადგენლები დაასანქცირეს, სუვერენული ქვეყნებია. რუსეთისგან განსხვავებით, არა საქართველოს მტერი, არამედ მეგობარი ქვეყნები, რომელთაც დაასანქცირეს არა საქართველო, არამედ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები, კონკრეტული ქმედებების გამო. მოსამართლეს კი პროკურატურის მოთხოვნების დაკმაყოფილებით, მოუწევს დააკანონოს, რომ პირობითად, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირება, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, აირჩია გვარად „რომანოვი“, ატარებდა საქართველოში რუსულ გავლენას და დღეს „ოცნებისვე“ სასამართლოში მკვლელობის ორგანიზების გამო მის წინააღმდეგ საქმე განიხილება, პოლიტიკოსების საბოტაჟის მუხლით დევნის საფუძველია.
ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პოლიტიკოსების მიმართ იმის სამტკიცებლად, რომ ისინი თითქოს, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქუჩაში „პროცესის რადიკალიზაციისთვის აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ“, მოუწევთ მოიყვანონ ის სამართალდამცველები, რომელთაც 8 და 11 სინდისის პატიმრების საქმეებზე უკვე მისცეს ჩვენებები, ამტკიცეს სასამართლოში, რომ ბნელოდა, ვერაფერს ხედავდნენ. 8 პოლიტიკოსის საქმეზე კი მოუწევთ ამტკიცონ, რომ რამდენიმე ასული მეტრის მოშორებიდან იცნეს პოლიტიკოსები და იცოდნენ მათი საუბრების შინაარსი.




