პოლიტოლოგ, გია ხუხაშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში თვალსაჩინოა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის „ჰიპერაქტიურობა“, რაც, მისი შეფასებით, პოპულისტური ინიციატივებით დაიწყო.
პოლიტოლოგი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ გამოეხმაურა უნივერსიტეტებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მანამდე საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა, თუმცა მოგვიანებით მოულოდნელად უკან დაიხია.
პოლიტოლოგის განცხადებით, ფასების შემცირებისა და ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხებზე გადამწყვეტი სიტყვა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, რომელსაც ის „საქართველოს საარჩევნო საზოგადოების 100%-ის მფლობელს“ უწოდებს.
მისი თქმით, ივანიშვილმა მოკლე დროის ინტერვალში ორ მნიშვნელოვან თემაზე საჯაროდ „დაასვა წერტილი“, რითაც ირაკლი კობახიძე ფაქტობრივად ადგილზე „მოსვა“.
„ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ ირაკლი კობახიძის ჰიპერაქტიურობა. პირველი პოპულისტური ინიციატივა იყო სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე ფასების კლება, რაშიც წარმოუდგენელი ფორმით ჩართეს სპეცსამსახურები. საბოლოო ჯამში, ვიხილეთ ყურებჩამოყრილი განცხადება, რომ ეს არ არის მარტივი (ფასების კლება). შემდეგ სახის შესანარჩუნებლად ტრაგიკომიკური, ვითომ კვერცხზე 5%-იანი კლება, რომ ამ პერსონისთვის [ირაკლი კობახიძე] უბრალოდ სახე შეენარჩუნებინათ. და დღეს ვნახეთ უნივერსიტეტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც საკმაოდ ხისტი პოზიცია ჰქონდა ხელისუფლებას, თითქოს და უცებ უკან დაიხია.
ის კომენტარები, რაც მესმის არ არის გასაზიარებელი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და გამარჯვებას საკუთარ თავზე რომ იწერენ. ორივე შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნოდა იმ ადამიანს, რომელიც ფლობს საქართველოს საარჩევნო საზოგადოების 100%-ს, ანუ ვისი საკუთრებაც არის ეს ქვეყანა. პირველ შემთხვევაშიც მან გადაასხა კობახიძეს წყალი და რამდენიმე დღის ინტერვალით იგივე გაუკეთა უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით. ერთი კვირის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა კობახიძე ორ თემასთან დაკავშირებით ადგილზე მოსვა“, – აცხადებს პოლიტოლოგი.
ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მოვლენების ერთობლიობა კობახიძისთვის მკაფიო გზავნილია — „ან წახვალ წყნარად, ან წახვალ ცუდი ფორმით“.
„კობახიძის გუშინდელი ქება-დიდება ძალიან ჰგავდა პოლიტიკური საფლავის ქვაზე ეპიტაფიას. ფაქტობრივად, სამივე კომპონენტი საბოლოო ჯამში კობახიძისთვის გარკვეული გზავნილია – ან წახვალ წყნარად ან წახვალ ცუდი ფორმით. ამის მინიშნება იყო ორივე შეჯანჯღარება.
კობახიძეს გაექცა ამბიცია. ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელია ამ პერსონაჟებისთვის საბელის დაგრძელება. ყველაზე გრძელი საბელი მისცა კობახიძეს. მართლა შეიქმნა ილუზია, რომ კობახიძე რამეს წარმოადგენს. ჩვენ ვართ პროცესში, როდესაც ბიძინამ დაიწყო თამაში – საბელის ჯერ დამოკლება და საბოლოო ჯამში, ამ საბელზე კობახიძეს ჩამოკიდებს“,- აცხადებს პოლიტოლოგი.
გარდა საშინაო პოლიტიკისა პოლიტოლოგმა ისაუბრა მიხეილ ყაველაშვილისა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს შეხვედრაზე.
ხ გია ხუხაშვილის შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის, ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრა „სასაცილო მცდელობებია“ და მოსახლეობაში „ილუზიის“ შექმნას ემსახურება.
მისი შეფასებით, ეს არის „უხარისხო, დადგმული პროპაგანდა“, რომელიც მიმართულია საზოგადოებაზე ზემოქმედებისკენ.
„ძალიან საცოდავი მცდელობებია. არაფერს ნიშნავს, რადგან მათ იციან მოსახლეობის განწყობა და სურთ ილუზია შექმნან, თითქოს, რაღაც ურთიერთობებია. როდესაც საუბარია,რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჩადის სომხეთსა და აზერბაიჯანში, ხოლო საქართველოში არ ჩამოდის, ეს არის გეოპოლიტიკური კატასტროფა.
ეს არის უინტელექტო ადამიანებზე გათვლილი ტვინის გამომრეცხავი პროპაგანდა. დერეფანში თუ ქუჩაში ჩამოართვა ხელი, რა ენაზე ელაპარაკებოდა, ესეც არ ვიცი, 2 წუთიანი შეხვედრა იყო და იმხელა ტექსტები მოჰყვა, თითქოს ისხდნენ და დიდხანს საუბრობდნენ. ეს არის ძალიან უხარისხოდ დადგმული პროპაგანდა. რა გგონიათ, ამერიკელებმა არ იციან ყაველაშვილს რამხელა დიპლომი აქვს და ვინა რის საერთოდ? იციან და შესაბამისი დამოკიდებულება აქვთ. გგონიათ როგორც პოლიტიკოსს და პრეზიდენტს უყურებენ? იცინიან“,- განაცხადა ხუხაშვილმა.




