ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის რემონტი არათუ ჯერ არ დასრულებულა, არამედ ახლა იწყება. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
მუზეუმი უკვე 1 წელზე მეტია დაკეტილია.
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სარდაფის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის მუზეუმების გაერთიანებამ 2023 წლის ბოლოს გამოაცხადა.
სამუშაოების დაწყებიდან მალევე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მუზეუმების გაერთიანების დირექტორს აცნობა, რომ გამოიკვეთა რიგი ფაქტორები, რაც სამუშაოების პროექტის ავტორთან განხილვას საჭიროებდა.
როგორც დოკუმენტებით ირკვევა სამუშაოების მიმდინარეობისას წარმოიქმნა მთელი რიგი პრობლემები, კერძოდ: სარდაფის გადახურვის მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციებსა და მზიდ კონსტრუქციებს აღმოაჩნდა მნიშვნელოვანი დაზიანებები, რის გამოც სარდაფის გადახურვა და მზიდი კონსტრუქციები ავარიულ მდგომარეობაში იყო.
საბოლოოდ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გადაწყდა შესაბამისი საპროექტო ორგანიზაციის მიერ შენობის ფუძისა და კონსტრუქციების გამაგრების პროექტის მომზადების საჭიროება.
2024 წლის აგვისტოში აჭარის მუზეუმების გაერთიანებამ არქეოლოგიური მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის ჩასატარებლად კვლევითი სამუშაოებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად შესაბამის მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა.
თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით კომპანიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 180 დღის განმავლობაში უნდა დაესრულებინა.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოს ეტაპები მოიცავდა საინჟინრო-გეოლოგიურ, მათ შორის ჰიდროლოგიურ გამოკვლევას, შენობის დეტალურ გამოკვლევას და რეკომენდაციების შემუშავებას და შენობის არქიტექტურულ-ისტორიულ კვლევას.
სამუშაოებს შპს „Georgianhouse“ ასრულებს, ხელშეკრულების ღირებულება 250 000 ლარია.
აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორის თეონა ზოიძის ინფორმაციით, კომპანიამ პროექტი უკვე ჩააბარა შემსყიდველს.
მუზეუმების გაერთიანება ამჯერად ტენდერს უკვე მომზადებული პროექტის შესაბამისად სამუშაოების ჩატარებაზე გამოაცხადებს.
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.




