არაერთი მოქალაქე, რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, აცხადებს, რომ მათ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს გზის გადაკეტვისთვის გამოწერილი იმ ჯარიმების გამო, რომელთა შესახებაც არც კი იცოდნენ.
რამდენიმე მათგანის თქმით კი, მათ ჯარიმები გასაჩივრებული ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად, ანგარიშები მაინც დაუყადაღეს.
„გზის გადაკეტვის ჯარიმაზე დამაყადაღეს. საჯარიმო ქვითარი გასაჩივრებულია, საქმის წარმოება მიმდინარეობს სასამართლოში, ჯერ პროცესიც არ ჩანიშნულა, მაგრამ საპატრულომ გადაწყვიტა სააღსრულებო ფურცელი მაინც გაეცა და დამაყადაღეს“, – წერს საბა ჯაფარიძე.
ჯარიმები, რომლის გამოც აქციის მონაწილეებს ანგარიშები დაუყადაღეს, გასულ წელსაა გამოწერილი და მას შემდეგ თითქმის 1 წელია გასული. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი დაჯარიმების შესახებ მათ ამ დრომდე არაფერი იცოდნენ.
ანგარიშ დაყადაღებული მოქალაქეები ამბობენ, რომ შეტყობინებებში, რომელიც მათ მისდით, წერია, რომ მათ 5350 ლარი აქვთ გადასახდელი ანუ 5-ათასლარიან ჯარიმას 350 ლარი აღსრულების ხარჯიც ერთვის.
„დღეს დილას გამაღვიძა აღსრულების ბიუროდან დადებული ყადაღის მესიჯმა. 5350 ლარი დამიკავდა ანგარიშიდან, რომელიც ჩემი დანაზოგი იყო და რომლითაც უნდა გაგვეტანა თავი მე, დედას და ჩვენს ხუთ ცხოველს. 2025 წლის 20 თებერვალს გამოწერილი ჯარიმის შესახებ 1 წელი არაფერი ვიცოდი, არც სხვა სასამართლოების საქმის მასალებში გამოჩენილა, არც საზღვარზე უთქვამთ რამე, ნული მცდელობა ინფორმაცია მქონოდა ამაზე. სიმწრით ვიცინი-ვტირი, სხვა რა დამრჩენია“, – წერს მარიამ პაიჭაძე.
„ყადაღა დამადეს. შარშან თებერვალში გზის გადაკეტვის გამო. სულ 15,000 ლარი მაქვს ჯარიმა. ახლა 5,000 ლარი მადევს, ალბათ შემდეგებიც მალე მომიწევს. გასაჩივრებული მქონდა, რა თქმა უნდა. არც სასამართლო, არც არაფერი. სადაა სამართალი“, – წერს ბექა ბერიკაშვილი.
მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ მათთვის უცნობი ჯარიმების გამო მოქალაქეებს ანგარიშები დაუყადაღეს, სხვებმაც დაიწყეს გადამოწმება, არიან თუ არა დაჯარიმებული. სწორედ ასეთი გადამოწმების დროს გამოცემა „პუბლიკის“ რეპორტიორმა, მინდა გაბაძემ აღმოაჩინა, რომ გზის გადაკეტვისთვის დაჯარიმებული თავადაც ყოფილა. კერძოდ, მინდა გაბაძეს გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარით 29 ივლისს დაუჯარიმებიათ იმ დროს, როცა ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა.
„0322414242 – ამ ნომერზე გადაამოწმეთ თქვენი თავი, ხომ არ გაქვთ ჯარიმა.
დღეს არაერთი პოსტი დაიწერა, რომ ისე დააყადაღეს რუსთაველზე მყოფები, რომ არ იცოდნენ ჯარიმის არსებობის შესახებ.
მეც გადავემოწმე ცხელ ხაზზე და 29 ივლისის, როცა ჟურნალისტურ მოვალეობას ვასრულებდი, გზის გადაკეტვისთვის 5000-ლარიანი ჯარიმა მქონია.
ცხადია, გავასაჩივრებ (თანხის მობილიზებას არაა საჭირო)“, – წერს მინდია გაბაძე.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ ჯარიმების გამო ანგარიშები დაგიყადაღეს?
იურისტი ნიკა სიმონიშვილი აქვეყნებს გზამკვლევს, თუ როგორ შეუძლიათ ყადაღა დადებულ მოქალაქეებს აღსრულების პროცესი შეაჩერონ:
„რაშია საქმე და რატომ დააყადაღეს ანგარიშები?
· დიდი ალბათობით, ეს იმ ჯარიმების გამოა, რომლის შესახებაც არ იცოდით და არც გქონდათ გასაჩივრებული.
· ადრეც გაფრთხილებდით, რომ პერიოდულად შეგემოწმებინათ საპატრულოს ცხელ ხაზზე, რამე ჯარიმა ხომ არ გქონდათ, რადგანაც შსს ბოლო თვეებია ჯარიმების გამოქვეყნების უკანონო პრაქტიკას მიმართავს.
· ანუ შეადგინეს საჯარიმო ქვითრები და ისე გამოაქვეყნეს, ისე გავიდა გასაჩივრების ვადა და ისე გადასცეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომ არაფერი შეგატყობინეს, მიუხედავად იმისა, რომ ევალებოდათ.
როგორ ვიქცევით ახლა?
· ვისაც ყადაღა არ მოგსვლიათ, მაგრამ ეჭვი გაქვთ, რომ ასეთი რამ შეიძლება შეგემთხვეთ, აუცილებლად დარეკეთ საპატრულოს ცხელ ხაზზე (2414242), მოიკითხეთ, რამდენი ჯარიმა გაქვთ და რამე ხომ არაა ჩაუბარებელი. თუ ასეთები იქნება, სასწრაფოდ ჩაიბარეთ და გაასაჩივრეთ, ასე გააჩერებთ მათ აღსრულებას. ახალ ჯარიმას ვერარ დაგიწერენ, ხანდაზმულობის ვადებიც გასულია და ისედაც შეუძლებელი არის პოლიციისთვის, ამ გზით ვინმე მოძებნონ და დააჯარიმონ.
ვისაც უკვე დაგიყადაღეს ანგარიშები, მაშინ აქ საქმე ცოტა რთულადაა და მიჰყევით ამ ინსტრუქციებს:
· საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში წადით და საჯარიმო ქვითრის ასლი აიღეთ;
· აღსრულების ეროვნული ბიუროდან (შეგიძლიათ იუსტიციის სახლშიც) გამოითხოვეთ დოკუმენტები მინდინარე აღსრულების თაობაზე. ასევე ცნობა მოითხოვეთ, რომ ამ წარმოებაზე აუქციონი საჯაროდ არ გამოცხადებულა.
· გადააწმეთ ჯარიმის გამოქვეყნების სტატუსი ამ გვერდებზე: protocols.ge და https://police.ge/protocol/index.php
· ორივე გვერდის სქტინშოთი გააკეთეთ ან pdf-ად გადმოწერეთ. განსაკუთრებით protocols.ge-დან ინფორმაციაა მნიშვნელოვანი, სადაც მითითებული იქნება, რომ sms არ მოგსვლიათ ჯარიმის გამოქვეყნების შესახებ და ეს შეიძლება გახდეს აღსრულების შეჩერების საფუძველი.
· საჩივარი უნდა შევიდეს სასამართლოში, რომლითაც ქვითრების გაუქმებას და აღსრულების შეჩერებას მოითხოვთ. აღსრულების შეჩერებისთვის აუცილებელია, რომ ზემოთ მითითებული დოკუმენტები ზედმიწევნით ზუსტად მოიპოვოთ.
· საჩივრის შაბლონი შემიძლია გაგიზიაროთ, თუმცა სასურველია, იურისტის გარეშე არ დაწეროთ საჩივარი და ისე არ შეიტანოთ.
· საჩივრის შეტანის შემდეგ სასამართლომ დადგენილება უნდა გამოსცეს, საჩივრის წარმოებაში მიღებაზე და იქვე უნდა გადაწყვიტოს, შეაჩერებს თუ არა აღსრულებას.
· ამ შემთხვევაში მხოლოდ საჩივრის რეგისტრაციის ფურცელი საკმარისი აღარ იქნება ჯარიმის გასაჩერებლად და სასამართლოს დადგენილებას უნდა დაელოდოთ.
· დადგენილების ასლი ბეჭდით დამოწმებული უნდა გამოართვათ სასამართლოში და წარადგინოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი აღსრულების შეჩერება.
პს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ აღსრულების შეჩერებისთვის უნდა გააკეთოთ. საქმე სასამართლოში დიდ ხანს ვერ განიხილება, მანამდე კი შეჩერებული იქნება აღსრულება“, – წერს ნიკა სიმონიშვილი.




