რეჟიმი გულახდილად აღიარებს, რომ ჩვენს აღიარებაზეა მისი ძალაუფლება დამოკიდებული. წესით ეს ბევრ წარსულ და მომავალ დისკუსიას სცემს ცალსახა პასუხს. ბრძოლა აქამდე მოვიყვანეთ მათ, ვინც რეჟიმი არ ვაღიარეთ და სახელოვნადაც ისინი გავიმარჯვებთ, ვინც იქამდე არ ვაღიარებთ, ვიდრე ის არ მოხდება, რისიც ეშინია – ძალაუფლებას დაკარგავს.
“მთავარი, რითაც რეჟიმი ძალაუფლებას ინარჩუნებს, ლეგიტიმურობაა. ლეგიტიმურობა არ ნიშნავს მოწონებას, ან მხარდაჭერას. ლეგიტიმურია ხელისუფლება, რომლის ნებაც რუტინულად სრულდება და ანგარიშგასაწევ წინააღმდეგობას არ იწვევს. რეჟიმი რომ ჩამოიშალოს, მისი ნების აღსრულების რუტინა უნდა დაირღვეს. ეს იოლი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. საქმე ისაა, რომ ევოლუციამ ჩვენ, ადამიანები, ლოიალურ და რისკ-მოშიშ არსებებად ჩამოგვაყალიბა. ჩვენი ცხოვრება, რომელიც უამრავი ტრანზაქციისგან შედგება, ძალიან რთული სამართავი იქნებოდა, რომ არა მზა ნორმები. ლეგიტიმურობა არის ხელისუფლების უნარი, უზრუნველყოს საზოგადოება ასეთი მზა ნორმებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლეგიტიმურობა არის რწმენა, რომ არსებული სისტემა ოპტიმალური, მისაღები არჩევანია. ამ რწმენის ჩამოშლა, მათ შორის ადამიანის სტატუს კვოსადმი ბუნებრივი მიკერძოების გამო იოლი არაა, მაგრამ არც შენარჩუნებაა გარანტირებული. ლეგიტიმაცია ყოველდღიური პლებისციტის შედეგია. ამ პლებისციტის მოსაგებად სოციალური მექანიზმის შიგნით უამრავი უხილავი და პაწაწინა ჭანჭიკის, კბილანის, ლილვის რიტმული მოძრაობაა საჭირო. ამ რიტმის რღვევა ლეგიტიმურობის ეროზიას იწვევს. როცა ეს ხდება, რეჟიმის უკუთვლის წამზომი ირთვება. ასეთ დროს, მისი ჩამოშლა არა თუს, არამედ როდის საკითხი ხდება”.




