“ევროოპტომისტების” დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა სამი საკითხი განიხილა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეფორმას, დეოლიგარქიზაციას და იუსტიციის საბჭოს რეფორმას.
როგორც დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან აღნიშნა, ვენეციის კომისია მონიტორინგს გაუწევს მათი რეკომემდაციების შესრულებას.
“რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო განხილული. პირველი, ეს იყო საარჩევნო კომისია და ცვლილებები, რაც საარჩევნო კომისიას უკავშირდება და არის რეკომენდაციების გაუარესება, რაც საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. ასევე, დეოლიგარქიზაცია და დეოლიგარქიზაციის გეგმა, რომელიც პრაქტიკულად არ უნახავს ოპოზიციას, მედიას და საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. ვენეციის კომისიის შეხედულება სისტემურ მიდგომაზე რჩება ძალაში. კიდევ ერთი საკითხი იყო იუსტიციის საბჭოს რეფორმა, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიის დასკვნაში 2 მნიშვნელოვანი ჩანაწერი მოხვდა, რომ ხაზს უსვამს ყოვლისმომცველო რეფორმის მნიშვნელობას, რაც ნიშნავს პრაქტიკულად იმას, რომ ახალი საბჭო უნდა იქნას არჩეული და მეორე – კონკურსის დანერგვას, რაც იყო ბალკანეთში, უკრაინაში. ვენეციის კომისიის მდივანმა ხაზგასმით თქვა, რომ ჩვენი პარტნიორები არსად წასვლას არ აპირებენ და რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც არის სტატუსის მიღების შემდგომ მოლაპარაკების გახსნისთვის მნიშვნელოვანი, იქნება მათთვის ნომერი პირველი პრიორიტეტი”, – განაცხადა დეკანოიძემ.