რუსეთის საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მე-6 არმიის ყოფილი მეთაურის, გენერალ ვლადიმირ სვირიდოვისა და მისი მეუღლის, ტატიანას, ცხედრები სოფელ ანჯიევსკში (მინვოდის რაიონი), მათ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. რუსული მედიის წყაროების თანახმად, გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სიკვდილი არაძალადობრივი იყო.
68 წლის გენერალ-ლეიტენანტს დამთავრებული ჰქონდა სტავროპოლის უმაღლესი სამხედრო-საავიაციო სკოლა, საჰაერო ძალებისა და გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიები. მსახურობდა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში, საბჭოთა ჯარების ჯგუფში აღმოსავლეთ გერმანიაში და ჩრდილოეთ კავკასიაში. 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა მე-6 არმიას.
ამ არმიაში შემავალი დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის ომში იღებენ მონაწილეობას. გენერალ სვირიდოვს ამაზე საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია, მისი მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში რაიმე ფორმით არ დაფიქსირებულა.
გაზეთ „კომერსანტის“ წყაროს ცნობით, პენსიონერი ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გაიგუდა. სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს რუსეთის ფედერალური უშიშროება იძიებს.