რუსთაველის რეაბილიტაციით დემონსტრაციების თავიდან არიდება საბჭოთა სტილია — კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირის დაანონსებულ რეაბილიტაციას და აცხადებს, რომ ამ გზით ხელისუფლება თავიდან ირიდებს დემონსტრაციებს. ამის შესახებ მან X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) დაწერა.
“(რუსთაველის ქუჩის დაკეტვა 2024 წლის არჩევნებისთვის) და ამით მასობრივი დემონსტრაციების თავიდან აცილება არის პრობლემასთან გამკლავების ტიპური საბჭოთა სტილი”, — წერს ის.
Who ever invented the idea (to close Rustaveli Avenue during election year 2024) and to prevent mass demonstrations to happen this is a typical SOVIET style of handling a problem. https://t.co/KTQrr6gRJC — Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) November 16, 2023
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავარი გამზირის, რუსთაველის რეაბილიტაცია გუშინ, 15 ნოემბერს დაანონსა. მისი თქმით, რეაბილიტაცია ორეტაპიანი იქნება და ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება.
შეკითხვაზე, რამდენად არის რუსთაველის რეაბილიტაციის დაწყება წინასაარჩევნოდ აქციების შეზღუდვის მცდელობა, კალაძემ ჟურნალისტებს დღეს უპასუხა:
“არ ვიცი, აქციის ჩატარება თუ უნდათ, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია ხელს რატომ შეუშლის?! აქაც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ჩვენ ვაპირებთ გზების გადაკეტვას.
ძალიან დიდი აბსურდია, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას გზების გადაკეტვა არ სჭირდება. მთლიანად იქნება განახლებული და როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება, ბოლო ეტაპი იქნება გამზირის რეაბილიტაცია, მათ შორის, მიწისქვეშა კომუნიკაციებით. როდესაც გამზირის რეაბილიტაციას დავიწყებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ქუჩის გადაკეტვა დროებით. გაკეთდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ეს იქნება მას შემდეგ, როდესაც დავასრულებთ ფასადების და შენობების განახლებას“, — ამბობს კახა კალაძე.