საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია AMNESTY INTERNATIONAL ეხმაურება „გრანტების შესახებ“ და თანმდევ კანონპროექტებში ინიციირებულ ცვლილებებს, რომლებიც აფართოებს გრანტის მცნებას და უნებართვო გრანტის მიღებისთვის სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას აწერებს.
„გრანტების შესახებ კანონში მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძალიან დამაზიანებელია და მიუთითებს საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის შემდგომ გაფართოებაზე, რათა გააჩუმოს, კრიმინალიზაცია გაუკეთოს განსხვავებულ აზრს და ძალაუფლება განამტკიცოს. ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს გრანტის განმარტებას და მოიცავს ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას ან ნატურით მხარდაჭერას პრაქტიკულად ყველაფრისთვის, რასაც მთავრობა არ ამტკიცებს — პოლიტიკური აქტივიზმიდან დაწყებული, ანალიტიკური მუშაობითა და ექსპერტების რჩევებით დამთავრებული“, — განაცხადა „ამნესტი ინტერნეშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევმა.
მისი თქმით, ეს არის დაუფარავი მცდელობა, საქართველოში კრიმინალიზაცია მოახდინონ პრაქტიკულად ყველაფრისა, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასთან მთავრობის კონტროლის მიღმა.
„უცხოური დაფინანსების, ანაზღაურების ან ნატურით უზრუნველყოფილი მხარდაჭერის მოძიება, გამოყენება და მიღება სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს და საერთაშორისო სამართლით დაცული უფლებაა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს საკანონმდებლო წინადადებები და ქვეყნის კანონმდებლობა სრულად შეუსაბამოს მის საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს“, — დასძინა კრივოშეევმა.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაგეგმილია ცვლილებების შეტანა: „გრანტების შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში.
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს.
განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.
თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას – დაჯარიმებას უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
„გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.




