380 დევნილი ქართული ოჯახი კიდევ ერთხელ აღმოჩნდება ღია ცის ქვეშ. ეკონომიკის სამინისტროს 23 ივლისს აუქციონზე გააქვს თბილისის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე, გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილი შენობა.
სოხუმელი ვერონიკა ქობალიას უწყებამ ეს ობიექტი 12 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა. პოლიციამ იქ მცხოვრებ დევნილებს 27 ივლისამდე მისცა ვადა, თავისი ნებით დაცალონ შენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ, ძალის გამოყენებით გამოყრიან. გაგრიდან დევნილი ნელი მალანია “ამერიკის ხმასთან” ამბობს:
ნუთუ, ერთხელ მაინც არ ჩაუფიქრდა ბატონი სააკაშვილი, როგორ შეიძლება საქართველოში ორ ნაწილად გაიყოს დევნილები. რას ნიშნავს “სააკაშვილის დევნილები” და “შევარდნაძის დევნილები” ძალიან მაინტერესებს, ვერ გავიგე რატომ ვარ შევარდნაძის დევნილი და რატომ დღევანდელ პრეზიდენტს არ ვეკუთნი. ნელი მალანია, გაგრიდან დევნილი
“დღეს მოდის პოლიცია და გვაძლევს ექვს სამუშაო დღეს, რომ ჩვენ სამშაბათს უნდა დავცალოთ შენობა. კი ბატონო დავცლი, მაგრამ სად წავიდე, რატომ არ მეკითხებიან. ბატონი პრეზიდენტი ჩვენ გვიწოდებს შევარდნაძის დევნილებს, მისი დევნილები, კოდორის და სამაჩაბლოს ხალხი გუშინ დაიბარეს სამინისტროში, რაღაცეებს შეპირდნენ, ჩვენ აფხაზეთის ხალხი დაგვტოვეს ასე.
ნუთუ, ერთხელ მაინც არ ჩაუფიქრდა ბატონი პრეზიდენტი, როგორ შეიძლება საქართველოში ორ ნაწილად გაიყოს დევნილები. რას ნიშნავს “სააკაშვილის დევნილები” და “შევარდნაძის დევნილები” ძალიან მაინტერესებს, ვერ გავიგე რატომ ვარ შევარდნაძის დევნილი და რატომ დღევანდელ პრეზიდენტს არ ვეკუთნი.
თუ შევარდნაძის დევნილი ვარ, მაშინ ამ მთავრობამ მოსთხოვოს შევარდნაძეს და დამაკმაყოფილონ. მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნის დიდი კომპენსაცია, მე არ ვითხოვ იმას რაც გაგრაში მქონდა, უბრალო თავშესაფარს ვითხოვთ, ამ ხალხთან ერთად და იმასაც არ გვაძლევთ?!“
დევნილმა თინა შავაძემ არ იცის სად წაიყვანს მცირეწლოვან ბავშვებს სამშაბათს, როცა დროებით საცხოვრებელს დაატოვებინებენ.
„ჩვენი მოთხოვნა ის არის, რომ როცა აქედან გაგვიყვანენ, დაგვაკმაყოფილონ. ქუჩაში არ გაგვყარონ. ნუ გაგვწირავენ, ისედაც გაწირულები ვართ. ხის ძირში ბევრი ღამე გაგვითევია და ისევ ხის ძირში ნუ დაგვყრიან.
ბავშვი, აი გეფიცებით ამას, ღამე მეკითხება, დედიკო ხვალ სად უნდა წავიდე. მე თვითონ ვარ ტრავმირებული, ჩემი შვილები არიან ტრავმირებულნი. მთელი ცხოვრება ასე, სანამდე შეიძლება გაგრძელდეს.“
გამომცემლობა “სამშობლოს” ყოფილი შენობა დევნილებმა რუსეთთან აგვისტოს ომის დღეებში დაიკავეს, თავდაპირველად აქ ცხინვალის რეგიონიდან გამოყრილი ადამიანები შევიდნენ, შემდეგ კოდორის ხეობის მცხოვრებლები. ბოლოს, შენობის ნაწილი აფხაზეთიდან დევნილებმა დაიკავეს, რომლებსაც, თავის დროზე სასტუმრო „ივერია“ კომპენსაციის გადახდით დააცლევინეს.
ნუ გაგვწირავენ, ისედაც გაწირულები ვართ. ხის ძირში ბევრი ღამე გაგვითევია და ისევ ხის ძირში ნუ დაგვყრიან. ბავშვი, აი გეფიცებით ამას, ღამე მეკითხება, დედიკო ხვალ სად უნდა წავიდე. მე თვითონ ვარ ტრავმირებული, ჩემი შვილები არიან ტრავმირებულნი. მთელი ცხოვრება ასე, სანამდე შეიძლება გაგრძელდეს.“ თინა შავაძე, დევნილი
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი ეკა გულუა ამბობს, რომ დევნილთა ძალიან მცირე ნაწილს აქვს შანსი თავშესაფარი მიიღოს.
„აქ არის დევნილთა სამი კატეგორია. ერთი ნაწილი არის კომპენსირებული. ანუ სახელმწიფოს მხრიდან ერთხელ უკვე დაკმაყოფილებული. და, მათი მეორედ და მესამედ დაკმაყოფილება ვერ მოხდება.
მეორე ნაწილია, რომელსაც საცხოვრებელი ფართები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გააჩნიათ და ხდება საცხოვრებელი ფართების ყიდვა-გადაყიდვა და სხვა ადამიანების შეცდომაში შეყვანა.
არის ძალიან მცირე ნაწილი, გამონაკლისი, რომელთაც არ გააჩნიათ ფართი, თუმცა მათთვის, სახელმწიფომ გაარემონტა ობიექტები და რეგიონებში ვთავაზობთ საკუთრებაში სრულად რეაბილიტირებულ ობიექტებს.“
სინამდვილეში, როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, კერძო ინვესტორისგან ოჯახზე, 7 000 აშშ დოლარის მიღების შემდეგ, სასტუმრო “ივერიიდან” 2004 წელს გამოსულ დევნილთა უდიდესმა ნაწილმა ქონების შეძენა ვერ შეძლო და უმძიმეს პირობებში, ქირით, თანაც ნათესავებს შეკედლებულებს უწევთ ცხოვრება.
მაშინდელი გაუთვლელი და ნაჩქარევი ნაბიჯით, ხელისუფლებამ ეს ხალხი კიდევ ერთხელ გაწირა და თავიდან მოიშორა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, „ახალი“ დევნილების გაჩენის შემდეგ, წინა ომების დროს გაჩენილი, ე.წ „ძველი“ დევნილების პრობლემებით უკვე აღარავინ ინტერესდება,
უფრო მეტიც, ხელისუფლება მათ შორის დაპირისპირებას აღვივებს. გამოცემლობა “სამშობლოში” მცხოვრები სოხუმიდან დევნილი დავით კუკავა ამბობს:
„ცხინვალელ, კოდორელ და დანარჩენი აფხაზეთიდან დევნილებს შორის მიდის დაპირისპირება. არ ვიცი ეს სანამდე გაგრძელდება, მაგრამ უკვე სერიოზული სახე მიიღო. ეს არის მთავრობის ინსპირირებული. მაგალითად, აქეზებენ დევნილებს ერთმანეთის მიმართ. ეუბნებიან ძველი დევნილი ვერ მიიღებს დახმარებას, მხოლოდ ახალი მიიღებს ფართს.




