„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“ (სიფა), – რომელიც 20-ზე მეტ საადვოკატო ფირმას აერთიანებს, – აკრიტიკებს „ქართული ოცნებსი“ დაგეგმილ ცვლილებებს „გრანტების კანონსა“ და „იურიდიული დახმარების კანონში“.
„წარმოდგენილი ცვლილებები წარმოადგენს ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის შეზღუდვის და როლის დაკნინების საფრთხეს“, – წერს ასოციაცია 2 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
· „გრანტების კანონში“ ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა მიღებული შემზღუდავი კანონების „გვერდის ავლის გზების“ ამოქოლვის მიზნით – ახალ ცვლილებებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ;
· „იურიდიული დახმარების კანონში“ ცვლილებები კი ეხება „სახაზინო ადვოკატებს“ – სამსახური, რომელიც მათ აერთიანებს, უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება და მის მმართველს საბჭოს ხელისუფლება დააკომპლექტებს.
„დაუშვებელია“ – სიფა
სიფა აცხადებს, რომ ორივე კანონპროექტი „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გაეროს და ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებს“.
„დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული იურიდიული მომსახურების გაწევისთვის მიღებული ჰონორარის გათანაბრება უცხოურ დაფინანსებასთან და შესამაბისად დასჯად ქმედებად განსაზღვრა“, – აცხადებს ასოციაცია.
რაც შეეხება „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, – სიფაში მიიჩნევენ, რომ იგი:
· „ქმნის ღია ინტერესთა კონფლიქტს;
· ზღუდავს სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და პროფესიულ თვითმმართველობას;
· რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის მართმსაჯულების ინტერესებს“.
„იურიდიული დახმარების სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი მთავრობის ზედმეტი ჩარევისგან, რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფოსთან“, – აცხადებენ საადვოკატო ფირმები.
ასოციაცია მოუწოდებს პარლამენტს, „გაითვალისწინოს ადვოკატის დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები“ და „უზრუნველყოს იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობა“.
„სახაზინო ადვოკატების“ სამსახური
პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებებით, იურიდიული დახმარების სამსახური – სამსახური, რომელიც „სახაზინო ადვოკატებს“ აერთიანებს – უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, სამსახურის მმართველ საბჭოს, – რომელიც ამჟამად ძირითადად პროფესიული და უფლებადამცველი ჯგუფებისგან კომპლექტდება, – თითქმის სრულად ხელისუფლება დააკომპლექტებს.
· დაგეგმილ ცვლილებებზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ მან „შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებას“.
· ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ცვლილებებს უწოდებს სამსახურის „იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში გადატანის მცდელობას“.
ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, სამსახური „არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს“ და „ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე“.
„დამოუკიდებლობა არ დგას რისკის ქვეშ“ – ყანდაშვილი
2 თებერვალს სადავო პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის შემდეგ, ადვოკატთა ასოციაციის ახალმა ხელმძღვანელმა ირაკლი ყანდაშვილმა, – სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ (IPN-ის) თანახმად, – განაცხადა:
„უმნიშვნელოვანესი ყოველთვის იყო და დარჩება ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობა. ადვოკატის დამოუკიდებლობა არანაირი რისკის ქვეშ არ დგას და ამას რამე ცვლილება არ განაპირობებს, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი“.
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო საქართველოს მთავარი პროკურორის ჩართულობა საბჭოში, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით არის ინტერესთა კონფლიქტის რისკი“, – თქვა მან.
„პირველ მოსმენაზე აზრი გავცვალეთ და მეორე მოსმენისას საკითხი დაზუსტდება. ჩვენ კომიტეტს შევთავაზეთ იურიდიული დახმარების სამსახური ჩაერთოს მათი წარმომადგენლის კვოტით“, – განაცხადა ყანდაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.




