„პუბლიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროები სახელოვნებო უნივერსიტეტებთან ჩასარიცხი სტუდენტების კვოტებთან დაკავშირებულ საკითხზე მუშაობენ.
სამუშაო პროცესში უნივერსიტეტებმა კულტურის სამინისტროდან მიიღეს სამუშაო ფაილი, რომელშიც თითოეული უნივერსიტეტის მიხედვით ჩასარიცხი სტუდენტების კვოტებია ჩამოთვლილი.
„პუბლიკას“ ეს ფაილი წყარომ მიაწოდა და მისი ნამდვილობის დასადასტურებლად სახელოვნებო უნივერსიტეტის რექტორებსა და კულტურის სამინისტროს დავუკავშირდით.
სამუშაო ფაილში ჩარიცხვებისა და კურსადამთავრებულთა ბოლო წლების საშუალო მონაცემები და ჩარიცხვის კვოტებზე გრაფებია აღნიშნული.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სახელოვნებო უნივერსიტეტებში ჩასარიცხი სტუდენტების კვოტის სწორედ ასე განსაზღვრას სთავაზობს სამინისტრო უნივერსიტეტებს – ამ შეკითხვის პასუხად ყარამან ქუთათელაძემ გვითხრა, რომ კულტურის სამინისტროსთან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. მათ გადაუგზავნეს თავიანთი მოსაზრებები და ირაკლი კობახიძემ უკვე დაამშვიდა საზოგადოება, რომ „მისაღები კვოტები არ შემცირდება“.
ყარამან ქუთათელაძის თქმით, სამხატვრო აკადემია ყველა ფაკულტეტზე ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტს იღებს.
მისივე თქმით, მისთვის მთავარი სტუდენტების საუკეთესო ინტერესების დაცვაა; მეთოდოლოგიის შესახებ კითხვებზე პასუხებისთვის კი კულტურის სამინისტროსთან გადაგვამისამართა.




