პროფესორ-მასწავლებლებთან გამართული დახურული მოლაპარაკებების შემდეგ ჯაბა სამუშია იძულებული გახდა, სტუდენტებს შეხვედროდა. სტუდენტების თქმით, შეხვედრა რამდენიმე დღიანი მოთხოვნების და უნივერსიტეტის შენობაში შეზღუდული დაშვების ფონზე შედგა.
მეგი დიასამიძე ამბობს, რომ სტუდენტების მთავარი მოთხოვნა იყო, ჯაბა სამუშიამ საჯაროდ ისაუბროს თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების საკითხზე და განმარტოს, რა პროცესები მიმდინარეობს. მისი თქმით, რექტორი შეხვედრაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც ფაკულტეტების პოზიციებსა და განათლების სამინისტროსთან გამართული შეხვედრების შედეგებს გაეცნობა, თუმცა მედიის დასწრებაზე უარი თქვა. სტუდენტების მოთხოვნის შემდეგ შეთანხმდა, რომ შეხვედრა ვიდეოჩაწერით ან თსუ-ს ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ეთერით გაიმართება.
ჩვენ რამდენიმე დღეა ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ვითხოვთ. დღეს იყო აკადემიური საბჭოს სხდომა. თავიდანვე უნდა შევსულიყავით, მაგრამ საერთოდ არ გვიშვებდნენ უნივერსიტეტში. საბოლოოდ, გავედით კავშირზე და შევხვდით რამდენიმე სტუდენტი. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ჯაბა სამუშია საჯაროდ დაჯდეს და გვესაუბროს, რა ხდება თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებასთან დაკავშირებით. დაგვთანხმდა შეხვედრაზე იმის შემდეგ, რაც ფაკულტეტების პოზიციას გაარკვევს, როცა გაარკვევს განათლების სამინისტროში სტუსთან შეხვედრის შემდეგ რა პოზიციები თუ რა ინფორმაცია გავრცელდება, რა შეხედულებები ჩამოყალიბდა საერთოდ. მაგრამ, მედიის შესვლაზე უარი განაცხდა. ასეთი არგუმენტი ჰქონდა, რომ “ყველა ისე ავრცელებს თუ საუბრობს, როგორც უნდა”. შინაარსი ეს იყო. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ კამერას ჩაეწერა, ან ვიდეოები ჩაგვეწერა ან თსუ-ს ოფიციალური ფეიჯიდან გასულიყო ლაივი, რაზეც დაგვთანხმდა. მაქსიმუმ ოთხშაბათს ან ხუთშაბათს უკვე თვითონ გამოვლენ კავშირზე და შეგვხვდებიან სტუდენტებს, – ამბობს მეგი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა. პროფესორ-მასწავლებლებს აინტერესებდათ დასაბუთება, რატომ გადაწყდა ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანება. მათ დღეს ამ საკითზე თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას პოზიციის მოსმენა სურდათ.




