გორდულაძე: კოლეგებო გთავაზობთ, მეწარმის პოლიტიკური აქტივობის მეორე შემთხვევა სისხლის სამართლით დაისაჯოს

არჩილ გორდულაძე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც გრანტების კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ გამოვიდა ინიციატივით, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში კანონპროექტში ცვლილება შევიდეს და მეწარმე იურიდიულ პირზე, რომელიც პოლიტიკურ აქტივობას განახორციელებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს.

გორდულაძის განმარტებით, 20 000 და 40 000 ლარი არ არის ის რაოდენობის თანხა, რომლით დაჯარიმების შემთხვევაშიც, მსხვილი ბიზნესი  პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისგან თავს შეიკავებს. ამიტომ გორდულაძის ინიციატივაა პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადგეს, მეორე და ყოველკ შემდეგზე კი სისხლისსამართლებრივი.

“კოლეგებო გთავაზობთ, სამსჯელო შეიძლება იყოს, რამდენად რელევანტურია დიდი მოცულობის ბიზნესისთვის, რომლისთვისაც 20 000 და 40 000 შესაძლებელია არ იყოს ნაკლებად მბოჭავი იმისათვის, რომ სამართალდარღვევაზე ხელი აიღოს, ხომ არ ვიფიქრეთ, იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ბიზნესსუბიექტის, იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და შემდეგ ჯერზე კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რათა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი, რომ ბიზნესის ფული პოლიტიკაში არ იყოს დაბადებული და შესაბამისად, ბიზნესი აკეთოს ბიზნესმა, ხოლო პოლიტიკა აკეთოს პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულმა პირმა.

ჩემი შემოთავაზება იქნება, რომ მეორე სხდომის ფარგლებში შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდეს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.

კიდევ ერთხელ მეწარმე იურიდიული პირი, თუ პოლიტიკური აქტივობით დაკავდება, პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და ყოველი შემდგომი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას” – განაცხადა გორდულაძემ.

იქამდე გორდულაძემ პირველი მოსმენით კანონში შესატანი ცვლილებები განმარტა. მისი თქმით, კანონი გავრცელდება მხოლოდ მეწარმე იურიდიულ პირებზე და არ დადგება კომპანიის დირექტორის პასუხისმგებლობა, თუ ის პოლიტიკურ პოსტს დაწერს.

“მეწარმე სუბიექტს მოჰყვა არაერთი ინსინუაცია და რომ ჩავხედოთ კანონპროექტს მითითებულია – მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს საქმიანობა უკავშირდება ისევ და ისევ მის ყოველდღიურ ბიზნესსაქმიანობას. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი პირველ ჯერზე 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე და ყოველ შემდეგ ჯერზე 40 000 ლარის ოდენობით.

და რა აქვს მიზანი?! – მეწარმემ უნდა აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არის შექმნილი ეს კონკრეტული იურიდიული პირი, შესაბამისად, უნდა დაკავდეს ბიზნესით და იყოს მოგებაზე ორიენტირებული, ბიზნესის თავისუფლებაში ჩვენ არ ვერევით, პირიქით, ვამაყობთ და ვაცხადებთ ცალსახად რომ ბიზნესის თავისუფლება – დიახ, ეს ჩვენი გუნდის მონაპოვარია. ამავდროულად, თუ ვინმეს უნდა რომ პოლიტიკური აქტივობით დაკავდეს, ამისათვის არსებობს შესაბამისი წესი და შესაბამისი ფორმა. […]

ამბობენ, რომ თუ მაგალითად რომელიმე საწარმოს დირექტორი პოლიტიკურ პოსტს დაწერს, ეს პასუხისმგებლობას გამოიწვევს – ესეც არასწორია, ერთია იურიდიული პირის პასუხისმგებლობა და მეორეა ფიზიკური პირის აქტივობა და საქმიანობა, რომელიც გამიჯნულია.

როდესაც იურიდიული პირი, იურიდიული პირის სახელით პოლიტიკურად საქმიანობს ეს გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას და არ არის აქ საუბარი კონკრეტულ ფიზიკურ პირზე”. – თქვა გორდულაძემ.