ისვანდილ გულიევის დალუქული მანქანა ახლა დმანისის პოლიციის სამმართველოს სადგომზეა. ეს ის მანქანაა, რომლითაც ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა ცხედარი პოლიციაში მიიტანა. “შაბათის ეთერისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, 55 წლის კაცმა ცოლი დანით მოკლა, შემდეგ ცხედარი მანქანაში ჩადო და პოლიციასთან მიიტანა.
42 წლის ქალი, პროფესიით მასწავლებელი იყო, ელნარა ალიევამ პედაგოგიური ინსტიტუტი ბაქოში დაამთავრდა და საქართველოში საქართველოში წამოვიდა. ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობში იყო. სამი შვილის დედას ბოლო კონფლიქტის დროს ქმარმა, სამზარეულოს დანა ჩაარტყა. ღრმა ჭრილობა ქალისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
ყველაფერი 27 იანვარს დილის 10 საათზე ზემო ყარაბულახში მოხდა. ელნარა ალიევამ ორი მცირეწლოვანი სკოლაში გააცილა, სახლში დაბრუნდა და მესამე შვილის საუზმის მომზადება დაიწყო, რა დროსაც ქმარმა მასზე იძალადა. გარდაცვლილის ბიძა გვიყვება, რომ ქმარი მას წლების განმავლობაში ღალატობდა, სამი შვილის დედა სახლიდან ბავშვების წამოყვანას და დამოუკიდებლად მის აღზრდას ფიქრობდა, თუმცა გულიევი მის დის შვილს ემუქრებოდა.
ქალის სიკვდილის შემდეგ სოფელი ალაპარაკდა, რომ სამი შვილის დედა სისტემური ძალადობის მსხვერპლი იყო. ქმარი ხან სცემდა ხან სახლიდან აგდებდა და ბავშვების ნახვას უკრძალავდა. იყო შემთხვევა, როდესაც ნაცემი ქალი ფეხშიშველი მეზობლებთან გარბოდა რომ დამალულიყო.
დანაშაულის დაფარვა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია. სასტიკად მოკლული ქალის ოჯახის მტკიცებით, ის თვითმხილველები, რომლებიც ქალზე ძალადობას წლების განმავლობაში უყურებდნენ, დანაშაულს მიზანმიმართულად მალავენ, რადგან ზემო ყარაბულაღში მცხოვრები 800 ადამიანიდან ყველა ერთმანეთის ნათესავი და ახლობელია.
სამი არასრულწლოვანი ახლა 86 წლის დიდი ბებიის იმედადაა. სულ ყველაზე პატარა ობლად დარჩენილი ბავშვი 3 წლისაა. სოფლის უხუცესები მიიჩნევენ რომ ბავშვებზე მეთვალყურეობა სოციალურმა სამსახურმა უნდა აიღოს. და გარდაცვლილი ქალის შვილები ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანონ;
სიუჟეტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, “შაბათის ეთერს” დმანისის რაიონიდან დაუკავშირდნენ გარდაცვლილი ქალის ნათესავები. ელნარა ალიევას ბიძაშვილების თქმით, ქალი ორსულად იყო და ეს მკვლელმა მამაკაცმა იცოდა. ჭრილობის მიყენებამდე მას დაზიანებები მუცლის არეში მიაყენა, შემდეგ თავში და ბოლოს დანით დაჭრა.
მოკლული ქალის ახლობლები ამბობენ, რომ სისტემატიური ძალადობის შესახებ პოლიცია ინფორმირებული იყო, თუმცა სახელმწიფომ დანაშაული ვერ აღკვეთა.




