ლევან ლორთქიფანიძე: …ისინი ამტკიცებენ, რომ ბ-ნი ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც ებრძვის “გლობალური ომის პარტია”

“საქართველოში მრავლად არიან ძალიან განათლებული, ნაკითხი, ბევრისთვის პატივსაცემი ადამიანები, რომლებთაც ტომები აქვთ დაწერილი ან პირდაპირ ეთეში ათობით საათი აქვთ ნალაპარაკები ერთი კაცის მრავალმილიონიანი გადარიცხვის დრობით (თუნდაც უსამართლოდ) შეფერხების თაობაზე.
ისინი ამტკიცებენ, რომ ბ-ნი ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც ებრძვის “გლობალური ომის პარტია”. “გლობალური ომის პარტიის” განსაკუთრებული მონდომების მიუხედავად ივანიშვილი იმდენად ძლევამოსილია, რომ სალი კლდესავით დგას და უკან არ იხევს, საკუთარი სამშობლოსთვის, მისი კეთილდღეობისთვის უანგაროდ სწირავს თავს. ამ, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სასიამოვნო და სიყალბეშეპარულ ძალისხმევაზე დაკვირვება რამდენიმე კითხვას აჩენს:

1. რატომ აქვთ ხმა ჩაგდებული გლობალური სამართლიანობისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლ ჟურნალისტებს, ულტრაინტელექტუალებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, საზოგადო მოღვაწეებს, პოლიტიკოსებს მაშინ, როდესაც შუა ზამთარში თაღლითები და გამომძალველები უკანასკნელი საცხოვრისიდან აძევებენ უმწეო ადამიანებს, ბავშვებს, მოხუცებს, შიზოფრენიით გატანჯულ მოქალაქეებს ? როგორ შეიძლება ვირწმუნოთ იმ ადამიანების პატიოსნების, რომელთაც “ლიბერალიზმით დაავადებული სამყაროს განკურნება”, “სამი ოჯახის მიერ დამონებული ევროპის გათავისუფლება” სურთ და ხმას არ იღებენ გვერდით მცხოვრებთა აშკარა, ცინიკურ, ძალადობრივ ჩაგვრაზე? ამ საკითხზე დუმილი ამორალურია, გარყვნილებაა!

2. რა გაუხდა ძლევამოსილ, უკეთილშობილეს, უმდიდრეს, უშიშარ და თავდადებულ ადამიანს, რომელიც მსოფლიოს მმართველებს უწევს მედგარ წინააღმდეგობას, ადგილობრივი სპეკულიანტებისთვის ადგილის მიჩენა? თუ მსოფლიოს მმართველ სამ ოჯახს და ხუთ კლანს არ ეპუება, სესხის გაცემისა და ვალის იმგვარი სტანდარტების დაწესებას, რომელიც ადამიანებს თაღლითობისგან და სოციალური განადგურებისგან დაიცავდა, რაღა უნდა? როცა შეგიძლია სახელმწიფოში ისეთი წესრიგის დამყარება, რომელიც ყველა მოქალაქეს ღირსეული საცხოვრებლის მოპოვებაში დაეხმარებოდა ან/და უკანასკნელი საცხოვრებლის დაკარგვისგან გადაარჩენდა, და ამას არ აკეთებ, შენი ყველა სხვა საქმის ფასი არის გახვრეტილი ორშაურიანი და ნახევარი დამპალი ქიშმიში !!! და შენი გულწრფელობისა და კეთილშობილების აღარვის სჯერა! — ამ ქვეყნის გადარჩენის გზა გადის სამართლიან საბინაო პოლიტიკაზე! თუ ბინა, ჭერი, კერა ხელმისაწვდომი არ იქნება ყველაზე ღარიბისთვისაც კი, საქართველოში ოჯახს აღარავინ შექმნის, შვილებს აღარავინ გააჩენს და მართლა ყველა ემიგრაციაში წავა… ჩემთვის სამშობლო მხოლოდ ტყეები და ლეგენდები, ისტორია და ლიტერატურა, დიდი ადამიანები და საიდუმლოებები არ არის! სამშობლო აერთიანებს მრავალ სახლს, ბინას, სადაც სითბოა, შუქი ანთია, საიდანაც ბავშვების ხმაური ისმის, სამზარეულოში ერთი ნაჭერი ყველი და პური, ერთი ულუფა წვნიანი ნებისმიერი სტუმრისთვის აქვთ გადანახული და წიგნის თაროზე მრავალჯერ გადაკითხული “ვეფხისტყაოსანი” ან რაიმე სხვა გენიალური წიგნები უდევთ ( აქ ცოტა გამექცა…).
ამის მიღწევა კი მხოლოდ სპეკულიანტებთან, თაღლითებთან, ავაზაკებთან დაპირისპირებულ, სამართლიანობის დამკვიდრებაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს შეუძლია!”, წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ