“ერთადერთი ბრძოლა, რომელშიც ადამიანი არასოდეს დამარცხებულა, არის ბრძოლა თვითგადარჩენისათვის.
მაგიტომაც ვართ ამ პლანეტაზე გაბატონებული სახეობა, სხვა 2 მილიონამდე სახეობას შორის, რომ სხვებზე უკეთესი თვითგადარჩენისა და ადაპტაციის უნარი გვაქვს და არა იმიტომ, რომ სხვა სახეობებზე სწრაფად დავრბივართ, უკეთესი ყნოსვა ან მხედველობა გვაქვს.
თორემ, ისე ვიჯდებოდით დღემდე ხეებზე ან გამოქვაბულებში, ჩვენი შორეული წინაპრებივით. ან საერთოდ გადავშენდებოდით, როგორც სხვა მილიონობით სახეობა გადაშენდა, ამ 4.5 მილიარდი წლის განმავლობაში.
ივანიშვილი იმიტომ კი არ დამარცხდება აუცილებლად, რომ აქეთ მხარეს სიკეთეა და იქეთ ბოროტება ან აქეთ უფრო ჭკვიანი ხალხია და იქეთ უფრო სულელი.
სიკეთე და ბოროტება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, მორალური სიცხადისათვის, თორემ ბუნების კანონებს ეგეთი რამეები არ აინტერესებს.
ივანიშვილი დამარცხდება იმიტომ, რომ წამოიწყო ბრძოლა თვითგადარჩენისათვის.
და როცა ეგეთ ბრძოლას იწყებ, როგორც მინიმუმ ძალები თანაბარი უნდა იყოს.
როცა ერთ მხარეს მილიონობით ადამიანია და მეორე მხარეს ერთი მუჭა ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ხალხი, მოხუცი ვანაბი დიქტატორით სათავეში, ეგეთი ბრძოლის მოგება თეორიაშიც შეუძლებელია.
კი, ბევრ რამეს გააფუჭებს. კი, უფრო ცუდი რამეებიც შეუძლია აკეთოს და ბევრი ადამიანის ცხოვრებაც გაუარესდება რაღაც პერიოდი.
მაგრამ, ერთი მუჭა ხალხი მილიონობით ადამიანს ყველა ჯერზე ყველა ბრძოლას ვერ მოუგებს.
იმათ ყოველი დღე ახალი ბრძოლა აქვთ მოსაგები.
ჩვენ ერთი გამარჯვებაც გვყოფნის.
არ ვიცი რა დრო დასჭირდება ივანიშვილისა და მისი მოჯამაგირეების ძალაუფლებიდან მოშორებას, მაგრამ ეგ ისეთივე გარდაუვალია, როგორც ხვალ მზის ამოსვლა.
პ.ს. ამ დიქტატორების ლეწვის ჟამს, დიქტატორობა რომ მოგინდება, ეგ ცალკე თავს იმსახურებს ისტორიის წიგნებში.” – წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ლევან ყურაშვილი




