ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოზე მიზანმიმართული შემოტევის მიზანია, რომ ეს სახელმწიფო ისე დააზიანონ ან ისეთი საბაბი გააჩინონ, რომ რამენაირად იქნებ სანქციები იქნას შემოღებული სახელმწიფოს წინააღმდეგ

საქართველოზე მიზანმიმართული შემოტევის მიზანია, რომ ეს სახელმწიფო ისე დააზიანონ ან ისეთი საბაბი გააჩინონ, რომ რამენაირად იქნებ სანქციები იქნას შემოღებული სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 24 ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სხვაგვარად საქართველოს განვითარებას ვერ აჩერებენ.
ქადაგიშვილის თქმით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხზე ევროკავშირს შეეძლო, რომ საქართველოსთან დიალოგი გაემართა.
“რაც შეეხება ადამიანის უფლებების საკითხს, ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით: აქამდე რატომ მიდიხართ? ამდენი წელი გავიდა, რა უშლიდა ევროკომისიას ხელს საქართველოსთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაციის მიღებისთვის. ელემენტარულად, ეს დიალოგი უნდა გაემართათ, მაგრამ არ მართავენ, რადგან 2024 წლის არჩევნებში დამარცხება ვერ გადაიტანეს. მათთვის, ეს პირადი მარცხი იყო. იმ პოლიტიკური ძალებისთვის, ვინც ყოველგვარი დემოკრატიის, საერთაშორისო ურთიერთობის, დიპლომატიის დარღვევით აქ საარჩევნო კამპანიას ატატებდნენ. რა თქმა უნდა, [ეს არის შურისძიება], თორემ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მათ შეეძლოთ სამუშაო ფორმატში და სხვა მიმართულებით დიალოგი ჰქონოდათ. დიალოგის ფორმატი ერთ-ერთი მომხსენებლის ფორმატია. ჩვენ დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს. რატომ არიან ციხეში პოლიტიკოსები? იმიტომ, რომ ათეულობით წლის მოქმედი კანონი, რომ უარს აცხადებ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე, სანქცირებადია; ადამიანი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, კანონს არღვევს და მოძრაობას კეტავს ხელოვნური შეფერხებისთვის, ის კანონის მოქმედების ქვეშ ხვდება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის.განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას.ასევე, განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას.