პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.
დასკვნითი სიტყვით წარმოთქმისას პროკურორებმა საქმის მასალებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ბრალდებულების მიერ ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა დასტურდება. ადვოკატების შეფასებით კი, პროკურატურას არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები და მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები დაუსაბუთებელია.
ამასთან, ადვოკატების ნაწილმა და მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ მოითხოვა, რომ ტელეფონების ექსპერტიზის დასკვნის შედეგები წარმოედგინათ სასამართლოში. ადვოკატების განცხადებით, ექსპერტიზით დადგინდებოდა, ჰქონდათ თუ არა მსჯავრდებულებს ერთმანეთთან სატელეფონო კომუნიკაცია და იყო თუ არა ეს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული.
„ძალიან დიდი ხანია ველოდებით ტელეფონების გახსნას, ძალიან გაგვიხარდება, თუ ტელეფონების ექსპერტიზის შედეგს გაგვაგებინებენ, ჩვენც ძალიან გვაინტერესებს”, – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.
საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 5 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა – ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.
პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.




