chaikhana.media აქვეყნებს მარიამ ბოგვერაძის მასალას სათაურით “ორი უნივერსიტეტი, განათლების ერთი რეფორმა”, სადაც ახსნილია რა პრიორიტეტებით ისარგებლებენ უნივერსიტეტბი, რომლებიც ქართული ოცნების მიმართ ლოიალურები არიან და რა პრობლემები შეექმნებათ უნივერსიტეტებს, რომლებსაც “ოცნება” არ სწყალობს:
„ქართული ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის 13 წელი დასჭირდა განათლების რეფორმის დასაანონსებლად. დაგვიანების მიუხედავად, „ოცნების” მმართველობა მაინც იტევს განათლების სისტემასთან დაკავშირებულ ქარტეხილებს, როცა, მაგალითად, ახლად არჩეულმა ხელისუფლებამ სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომიურობაში ჩარევა მოინდომა და რექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, სურდა, პრემიერ-მინისტრისთვის მიენიჭებინა რექტორის დანიშვნის დისკრეცია, რაზეც საბოლოოდ უარის თქმა მოუწია. განათლების სისტემასთან დაკავშირებული ამ და სხვა ფრაგმენტული ინიციატივების თუ მცდელობების ფონზე, 2012 წელს მოსულმა ხელისუფლებამ „განათლების მასშტაბური რეფორმა“ მხოლოდ 2025 წელს დააანონსა.
კონცეფცია, რომელსაც უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა უნდა დაეფუძნოს სულ 4 გვერდს მოიცავს და ამჟამად მოქმედ როგორც აკადემიურ-იერარქიულ, ასევე სასწავლო მოდელს რადიკალურ ცვლილებას უქადის. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ალბათ, რეფორმის ფარგლებში გაცხადებული ყველაზე ხისტი ჩარევაა იმ აკადემიურ ტრადიციაში, რომელიც წლების მანძილზე საქართველოში ჩამოყალიბდა. მწირი ინფორმაციის მიუხედავად, უშუალოდ განათლების მინისტრისგან ვიცით, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა ფაკულტეტი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში, იქნება.
თბილისსა და ქუთაისშია ასევე ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებმაც შესაძლოა, განათლების დაანონსებული რეფორმა საუკეთესოდ აირეკლონ — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, დააფუძნა. განათლების ექსპერტების შეფასებები მიუთითებს, რომ რეფორმამ შეიძლება ორივე უნივერსიტეტის მომავალი განსაზღვროს, იმ განსხვავებით, რომ ერთისთვის სასიკეთოდ, მეორისთვის კი არასასურველი შედეგით დასრულდეს.
ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის კონცეფციაზე საუბრისას თავის პრეზენტაციაში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საბჭოთა პერიოდის განათლების სისტემის მოწყობა მოიშველია:
„ეს პრინციპი იყო დაცული საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. არსებითად მრავალფუნქციური იყო თსუ, ტექნიკურ დარგებს მოიცავდა ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ამას ემატებოდა პედაგოგიური, სულხან-საბას ინსტიტუტი ერქვა. ეს პრინციპი იყო დაცული და ოპტიმალურად იყო გამოყენებული საკადრო და ინფრასტრუქტურული რესურსი”, – ამბობდა კობახიძე.
უნივერსიტეტების პროფილირების მოდელი, რომელიც კობახიძეს მაგალითად მოჰყავს, პირველ რიგში, ალბათ, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე (KIU) უნდა გავრცელებულიყო, რომელიც ტექნოლოგიურ სასწავლებლად იყო ჩაფიქრებული. უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 21-ე საუკუნე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ელვის სისწრაფით განვითარების ხანა იქნება და საქართველოს წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანაა, ფეხი აუწყოს და არ ჩამორჩეს მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროცესებს:
ჩანაფიქრის მიუხედავად, პროფილირების ეს მოდელი ივანიშვილის დაფუძნებული უნივერსიტეტისთვისაც არ აღმოჩნდა საკმარისი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2026 წლის ცნობარით თუ ვიხელმძღვანელებთ, KIU მრავალპროფილურ სასწავლებლად ყალიბდება და ამჟამად აბიტურიენტებს 6 მიმართულებას სთავაზობს. კომპიუტერული მეცნიერების, მენეჯმენტის, მათემატიკისა და გამოყენებების: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლებთან ერთად, 2025-2026 აკადემიურ წლიდან აქ სტუდენტებს ფსიქოლოგიის, სამართალმცოდნეობის, მედიცინისა და დიზაინის შესწავლაც შეუძლიათ. მეტიც, განათლების მასშტაბური რეფორმის დაანონსებამდე რამდენიმე დღით ადრე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თავისსავე ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვაკანსია, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტი ეძებს აკადემიურ პერსონალს ისტორიის, კულტურის კვლევების, კლასიკური და ინგლისური ფილოლოგიის, ფილოსოფიის, თეოლოგიის, ციფრული ჰუმანიტარიისა და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით.
KIU-ს გაფართოების პარალელურად, ქუთაისში უკვე არსებობს სახელმწიფო მრავალპროფილური უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახით, სადაც ის მიმართულებები, რაც KIU-მ ტექნოლოგიური ფაკულტეტების პარალელურად დაიმატა, წლებია, ხელმისაწვდომია.
რა პრინციპს დაეფუძნება უნივერსიტეტებს შორის ფაკულტეტების გადანაწილება და ვინ გადაწყვეტს, რომელმა უნივერსიტეტმა რა ფაკულტეტები უნდა შესთავაზოს სტუდენტს, ამ შეკითხვაზე პასუხი განათლების რეფორმის 4 გვერდიან კონცეფციაში ვერ ამოვიკითხეთ. ვერც განათლების სამინისტროში მოიძებნა ადამიანი, რომელიც ამ და განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ სხვა შეკითხვებზე Chai Khana-ს უპასუხებდა.
ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ფაკულტეტების განაწილების საკითხი, შესაძლოა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასარგებლოდ გადაწყდეს, რამდენადაც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული სასწავლებელი ისედაც პრივილეგირებულია სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებთან შედარებით:
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რაღაც ანომალიური მოვლენაა, არა მაინცდამაინც იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, არამედ იმიტომ, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაშია ისედაც” – ამბობს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონზე მიგვითითებს.
კანონში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებას აწესრიგებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მთელი რიგი გამონაკლისებია დაშვებული. მაგალითად, კანონში წერია, რომ — ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე არ ვრცელდება ამ კანონის IV და V თავების მოქმედება. ეს უკანასკნელი კი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის დანიშვნის წესს ეხება:
თუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრივილეგირებული მდგომარეობის ლოგიკას მივყვებით, დაშვება, რომ რეფორმის ფარგლებში, ქუთაისში მრავალპროფილურ სასწავლებლად სწორედ ეს უნივერსიტეტი იქცეს, რეალობას მოკლებული არაა. ამ შემთხვევაში, რა როლი დარჩება აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს? ირაკლი კობახიძის პრეზენტაციით თუ ვიხელმძღვანელებთ, ფაკულტეტები უნივერსიტეტებს ისტორიული ფუნქციებიდან გამომდინარე უნდა გაუნაწილდეს.
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბდა,1933 წლიდან ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსით ფუნქციონირებდა, სანამ 1990 წელს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნებოდა. თუ რეფორმამ ამ უნივერსიტეტს ისტორიული ფუნქცია უნდა დაუბრუნოს, ეს ისტორიული ფუნქცია პედაგოგიურ მიმართულებაზე დაიყვანება.
კიდევ ერთი საკითხი, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეიძლება მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდეს, სამედიცინო პროფილს უკავშირდება. საქართველოში უმაღლესი სასწავლებლებისთვის ფინანსურად განსაკუთრებით ხელსაყრელია უცხოელი სტუდენტების კონტინგენტის მიღება, რომლებიც უმეტესად სამედიცინო პროგრამებს ირჩევენ.
საინვესტიციო ბანკის „გალტ & თაგარტის” მიერ ჩატარებული კვლევა 2023 წელს გამოქვეყნდა და საქართველოში ზოგადი და უმაღლესი განათლების ტენდენციებს აანალიზებს. კვლევა აჩვენებს, რომ ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება განსაკუთრებით პოპულარულია სამაგისტრო საფეხურზე მყოფ უცხოელ სტუდენტებში. მაგალითისთვის, 2022/23 წლებში საქართველოში ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე სულ 25,069 უცხოელი სტუდენტი ირიცხებოდა, აქედან 20,452 სტუდენტი (81%) მაგისტრატურის საფეხურზე ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებაზე მოდიოდა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითითაც თუ ვიმსჯელებთ, უცხოელი სტუდენტებისგან მიღებულ შემოსავალს მათ ბიუჯეტშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
ჩვენი კითხვის პასუხად, წერეთლის სახელობის უნივერსიტეტიდან მოგვწერეს, რომ ამჟამად, მათ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 900 უცხოელი სტუდენტი სწავლობს და მაშინ, როცა ქართულენოვან პროგრამებზე სწავლის გადასახადი 2250 ლარია, ინგლისურენოვან სამედიცინო პროგრამაზე უცხოელი სტუდენტები წელიწადში 4000 აშშ დოლარს იხდიან, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე კი 2250 აშშ დოლარს.
განათლების რეფორმის თანახმად, უცხოელ სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან კერძო უნივერსიტეტებში გადაამისამართებენ. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, ამის გამო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 80 მილიონს დაკარგავს.
თუმცა განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია სრულად არ გამორიცხავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღებას. ოთხ გვერდიან დოკუმენტში ასეთ ჩანაწერს ვაწყდებით — სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში. რახან კანონმდებლობა ამდენ გამონაკლისს უკვე უშვებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის, განათლების მკვლევრებს უჩნდებათ ეჭვი, რომ შესაძლოა, უცხოელი სტუდენტების ძირითადი ნაკადი სწორედ ამ უნივერსიტეტში აღმოჩნდეს. გასათვალისწინებელია ის მოცემულობაც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2025 წელს ერთსაფეხურიანი სამედიცინო ინგლისურენოვანი პროგრამა დაიწყო ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მსგავსად, ამ რეფორმის ფოკუსში კიდევ ერთი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შეიძლება, აღმოჩნდეს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ უკანასკნელისთვის რეფორმა სასიკეთო შედეგს არ მოიტანს.
თუ რეფორმის იმ მოცემულობას დავუბრუნდებით, რომლის თანახმადაც, კონცეფცია გამორიცხავს, ერთ ქალაქში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ჰქონდეთ იდენტური ფაკულტეტები, როგორც მრავალპროფილური სასწავლებლები, ვერც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი შეძლებს თანაარსებობას ქვეყნის დედაქალაქში. დიდი ალბათობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც საუკუნოვანი ისტორიის და განათლების ტრადიციის შემქმნელი, მრავალპროფილური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსს სწორედ ის შეინარჩუნებს. ამას ემატება პრემიერ-მინისტრის ინტერვიუც, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება კობახიძემ ერთი ადამიანის ინტერესებზე დაიყვანა და თქვა, რომ ილიაუნი 2006 წელს იმის გამო შექმნეს, რომ მისი პირველი რექტორი [გულისხმობს გიგი თევზაძეს] თსუ-ს რექტორი ვერ გახდა.
„ქართულ ოცნებასა“ და ილიას უნივერსიტეტს შორის ვითარება განსაკუთრებით 2023 წლის მარტში გამწვავდა, ე.წ. „რუსული კანონის“ პირველი ინიცირებისას, როცა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, „ქართული ოცნების” ლიდერების ნაცვლად, ილიაუნის სტუდენტებს შეხვდა. ამას მოჰყვა ილიაუნის რექტორზე კამპანიური ხასიათის თავდასხმა, შემდეგ კი, „რუსული კანონის” მეორედ ინიცირება, როცა დაანონსებულ სტუდენტურ გაფიცვას ილიას უნივერსიტეტი, სხვა რამდენიმე უნივერსიტეტთან ერთად არ გამიჯვნია.
მალევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის პრობლემებიც შეექმნა. 2024 წლის სექტემბერში, მიუხედავად ექსპერტთა ჯგუფის მიერ უმაღლესი შეფასებისა, უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაცია დათქმით, ერთი წლის თავზე ხელახალი მონიტორინგის პირობით მიენიჭა.
„ამ ეტაპზე არ არის ადვილი სრული შეფასების გაკეთება, მაგრამ, რაც ვიცით, მასზე დაყრდნობით, რამდენიმე მიზანი შეგვიძლია, ვივარაუდოთ. პირველი, ალბათ, არის სწორედ არასასურველი პროფესორებისგან, თანამშრომლებისგან, უნივერსიტეტის გაწმენდა. რასაკვირველია, ეს პირველ რიგში შეეხება არასასურველ და აქტიურ პროფესორებს, მაგრამ არა მარტო მათ. ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი აუცილებლად გულისხმობს დიდ შემცირებას სახელმწიფო უნივერსიტეტებში”, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგა ზედანია.
მასალა სრულად – chaikhana.media




