შარაშიძე: დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება – ისინი მიზნად ისახავს, რომ „ოცნებამ“ მაქსიმალურად ჩაახშოს განსხვავებული აზრი, მოკლას სამოქალაქო სექტორი და შეზღუდოს პარტიების განვითარება

ეს მორიგი სიგიჟეა – „ოცნების“ შიშები, რომ მათ შეიძლება დემოკრატიის არსებობის პირობებში ხელისუფლება ძალიან მალე დაკარგონ – რა თქმა უნდა, ამ ცვლილებებს ჩვენი გუნდის არანაირი მხარდაჭერა არ ექნება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილი კანონპროექტები პირდაპირ ისახავს მიზნად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალურად ჩაახშოს ნებისმიერი განსხვავებული აზრი.
„ჩვენ გამჭვირვალობის საწინააღმდეგო არასდროს არაფერი გვქონია, მაგრამ ეს უკვე გამჭვირვალობის ფარგლებს სცილდება. ეს კანონპროექტები პირდაპირ ისახავს მიზნად, რომ „ოცნებამ“ მაქსიმალურად ჩაახშოს ნებისმიერი განსხვავებული აზრი ამ ქვეყანაში. ფაქტობრივად, მოკლას სამოქალაქო სექტორი და ყველანაირად შეზღუდოს პოლიტიკური პარტიების განვითარება. პირდაპირ თუ ირიბად ეს ცვლილებები შეეხება საქართველოს, ფაქტობრივად, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც შეიძლება განსხვავებული აზრი გაუჩნდეს „ოცნების“ პოლიტიკასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ ცვლილებებს ჩვენი გუნდის არანაირი მხარდაჭერა არ ექნება. თუ ვინმე ასაკრძალია, ეს პირველ რიგში, თავად „ოცნებაა“, რომელიც ადასტურებს, რომ ყოფილა რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს ფულს პარავს. რეჟიმს, რომელსაც ამდენი კორუმპირებული პრემიერი, მინისტრი და თანამდებობის პირი ჰყავს, საერთოდ მორალური უფლებაც არ აქვს სხვის აკრძალვაზე ისაუბროს“, – განახადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ რიგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს. ცვლილება შევა „გრანტების შესახებ“ კანონში. უფრო კონკრეტულად, ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევა კი, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. ამასთან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც. ასევე, ცვლილება ხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.გარდა ამისა, იგეგმება მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებაც: მეწარმე სუბიექტი, ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. დაჯარიმდება 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40,000 ლარის ოდენობით.