სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია, სულ, 21 ადამიანი.
სისხლის სამართლებრივი საქმეებიდან უმეტესობა უკავშირდება სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების ხელშეწყობას, ასევე ექიმების მიერ სამედიცინო დასკვნების გაყალბებას.
პირველი საქმე: თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე, სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, დაკავებულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმი-ფსიქიატრი და ამავე ცენტრის უსაფრთხოების თანამშრომელი.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ექიმმა-ფსიქიატრმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, უსაფრთხოების თანამშრომლის დახმარებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, წვევამდელ პირს დაუდგინა ყალბი სამედიცინო დიაგნოზი და დაუმზადა ყალბი ინფორმაციის შემცველი სამედიცინო ცნობა, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებდა სამხედრო ვალდებულებისგან გარკვეული პერიოდით თავის არიდებას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




