ამ ორი ავტორიტეტული, ისტორიის მქონე საგანმანათლებლო სტრუქტურის შერწყმა, რაციონალურს გახდის უმაღლეს სასწავლო პროცესს, ფაკულტეტებს, სპეციალობების განაწილებას და ზუსტად დაემთხვევა იმ მონაცემებს, რომელიც შრომით ბაზარზე აქვს ქვეყანას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, საერთო მობილიზება იქნება იმისთვის, რომ კონკრეტულ სფეროში მაღალი დონის განათლების მქონე სპეციალისტები ჩამოყალიბდნენ.
„რაციონალური გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ტექნიკური სპეციალობები, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს გააჩნია, საგანგებოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მაგრამ ფაქტია მეორდება ის ფაკულტეტები, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნია. ამ ორი ავტორიტეტული, ისტორიის მქონე საგანმანათლებლო სტრუქტურის შერწყმა, რაციონალურს გახდის უმაღლეს სასწავლო პროცესს, ფაკულტეტებს, სპეციალობების განაწილებას და ზუსტად დაემთხვევა იმ მონაცემებს, რომელიც შრომით ბაზარზე გააჩნია ქვეყანას. ფაკულტეტებს შორის კონკურენცია არ იქნება – იქნება საერთო მობილიზება იმისთვის, რათა სპეციალობების მაღალი დონის განათლების სპეციალისტები მოამზადოს და მოხდეს ერთმანეთის შევსება და არა დაპირისპირება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო – საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.




