საირმეს მკვიდრს, გელა სოსელიას საკუთარ სახლამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ჩაუკეტეს. ჭიშკარი და ბოქლომი ხიდზე კურორტ საირმეს მფლობელის, თემურ კოხოძის ბრძანებით ჩამოკიდეს. ერთადერთი ალტერნატივა ესაა – მდინარეში და მერე ჭალა-ჭალა ექსტრემალური მარშრუტი.
გელა სოსელია ჩვენმა მაყურებელმა „მთის ამბების“ საგამოძიებო ფილმიდან გაიცნო. „ფეოდალების ქვეყანა“ – ასე ჰქვია ვრცელ ვიდეოს, რომლის გმირი თავისი ოჯახის თავგადასავალის თხრობას, 80 წლის წინ საირმეში ჩამოსახლების ამბავს სწორედ იმ ხიდიდან იწყებს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ჩაკეტილი დაუხვდა. ცენტრალური გზიდან ხიდამდე მოსახვედრად მან თემურ კოხოძის კერძო საკუთრება, კურორტ საირმის სპა-ცენტრის ეზო უნდა გადაკვეთოს. ხიდის მეორე მხარეს კი მათი ტრადიციული სახლია, სადაც ბევრი წელია საფუტკრე მეურნეობა აქვს და სადაც მისმა წინაპარმა ბინა 1947 წლიდან დაიდო.
„ამ ადგილს თუ დათმობ, გადაგიხდით. გინდა, თანხა მოითხოვე, ან ადგილს გამოგიყოფთ სადმე და იქ კოტეჯს აგიშენებთო. მე ვუთხარი, მაგაზე ჩემთან არ უნდა მოსულიყავით, ვერ შეველევი ამ ადგილს, მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული და ამ საკითხზე აღარ შემაწუხოთ მეთქი“, – გელა სოსელიას პირველი უარის შემდეგ კოხოძემ საქმეში ბაღდათის მერი ჩართო.




