,,ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ქართველ ხალხს, ქიმიური მოწამვლის შემდეგ, ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს,- ამის შესახებ ,,ლელო – ძლიერი საქართველოს” განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ისინი ,,ქართული ოცნების” მიერ დღეს დაანონსებულ რიგ საკანონმდებლო ცვლილელებს ეხმაურებიან.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილებებს, განხორციელების შემთხვევაში, ,,ლელო” საკონსტიტიციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
,,ტოტალური რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ,,ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ქართველ ხალხს, ქიმიური მოწამვლის შემდეგ, ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს! ახლადდაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებებით პოტენციურად დასჯადი ხდება ყველა ფინანსური ტრანზაქცია, რომელიც, მათ შორის უცხოეთიდან, ემიგრაციიდან განხორციელდება! საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავს ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრების გადმორიცხვებით ირჩენენ, შესაძლოა სამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ ნებისმიერ დროს, თუ ხელისუფლება ამას საჭიროდ მიიჩნევს. ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის შემდეგ, ივანიშვილის ხელისუფლებას მძევლად აჰყავს მათი ოჯახის წევრებიც, და ფაქტიურად უკრძალავს მათ პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის უფლებას, სიტყვის თავისუფლებასაც კი.
პოლიტიკურად გაკოტრებული, ლეგიტიმაცია დაკარგული ,,ქართული ოცნება”, როგორც საბჭოთა პირდაპირი გადმონაშთი, უკვე ღიად იწყებს მოსახლეობის ფინანსურ რეკეტს და ამით ცდილობს საყოველთაო მორჩილების მიღებას.
რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში მოჰყვნენ მეწარმეებიც. კერძოდ,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
ამ ,,სამართალდარღვევის” ჩადენის შემთხვევაში აუდიტის სამსახური მეწარმეს დააჯარიმებს 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების ყოველი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 40 000 ლარის ოდენობით.
ასევე, ,,ქართული ოცნების”დაანოსებული კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
ამ ცვლილებით, ,,ქართული ოცნება” მორიგჯერ არღვევს საქართველოს უმაღლეს კანონს, რადგან ეს ჩანაწერი პირდაპირ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაა!
,,ლელო-ძლიერი საქართველო” აღნიშნულ ცვლილებას, როგორც მანამდე მიღებულ ანტიკონსტიტუციურ საკანონმდებლო ცვლილებებას, გაასაჩივრებს ჯერ საკონსტიუციო სასამართლოში, ხოლო შემდგომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამარლოში და მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს აამოქმედებს, რომ რეპრესიული, ანტიკონსტიტუციური კანონის მიღება შეჩერდეს”,- ნათქვამია განცხადებაში.




