გიგა ფარულავა – როცა მართვის სათავეში კალაძე-კობახიძის კლანია, შეუძლებელია ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად ჩაითვალოს – „ქართული ოცნება“ და კორუფცია სინონიმებად იქცა

მიმდინარეობს არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ „ოცნების“ ძველ და ახალ კლანებს შორის დაპირისპირება ძალაუფლების მოპოვებისა და კორუფციის შედეგად ნაშოვნი ნადავლის გადანაწილებისთვის – როდესაც მართვის სათავეში კალაძე-კობახიძის კლანია, შეუძლებელია ეს ქმედებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად ჩაითვალოს, – ამის შესახებ ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ფარულავას შეფასებით, “ქართული ოცნება“ და კორუფცია ფაქტობრივად სინონიმებად იქცა.
“ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით კორუფციაზე და იმ ოჯახებზე, ვინც ქვეყნის ბიუჯეტს ძარცვავდა. ამას უკვე “ოცნებაც“ აღიარებს და საზოგადოებაც ხედავს, რა მდგომარეობაში არიან “ოცნების“ მაღალჩინოსნები – დაწყებული პრემიერ მინისტრით, ასევე მინისტრები, მინისტრის მოადგილეები. ამ პირთა წრე სავარაუდოდ გაფართოვდება. “ქართული ოცნება“ როგორც არ უნდა ამბობდეს იმას, რომ კორუფციას ებრძვის, ეს არის ფარსი და აბსურდი.
დღეს ქვეყნის სათავეში კალაძე-კობახიძის კლანია, რომელიც ხელისუფლებას და დედაქალაქს მართავს. ქმედებები, რომელიც მინისტრების და მინისტრის მოადგილეების დაკავებისკენ არის მიმართული, ფასადურია – ეს არის ბრძოლა შიდა კლანური გადანაწილებისთვის. დღეს “ოცნების“ ძველი და ახალი კლანი ებრძვის ერთმანეთს, რათა პოლიტიკურ სივრცეში თავი დაიმკვიდრონ და სათავისო გარანტიები მიიღონ. ეს კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა არ არის“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
რაც შეეხება პოლიტიკური დებატების დაბრუნების თაობაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ფარულავას აზრით, კობახიძის ინიციატივა “წინასწარ დაგეგმილი პროპაგანდისტული შოუა.
მისივე თქმით, თუ პოლიტიკური დებატები მოქალაქეების რეალურ პრობლემებზე საუბრის მიზანს მოემსახურება, პარტია “გახარია საქართველოს“ წევრები ასეთ დებატებში მონაწილეობისთვის მზად არიან.
“საინტერესოა, რატომ გაახსენდათ პოლიტიკური დებატები ახლა და ვისთან სურთ მათ ეს დებატები. სატელევიზიო სივრცე დებატებისთვის მათი გადაწყვეტილებით ჩაიკეტა. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ჩვენი მერობის კანდიდატები “ოცნების“ მერობის კანდიდატებს ღიად და საჯაროდ მოუწოდებდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მათთან დებატებში ჩართულიყვნენ, მაგრამ ისინი ჩვენს კანდიდატებთან დებატებს დაემალნენ. ალბათ, მაშინ ხალხთან სალაპარაკო არ ჰქონდათ და ერჩივნათ, ფონს თავიანთი ნარატივებით გასულიყვნენ. დებატებზე მათი გადაწყვეტილება დემოკრატიულობის სურვილით არ არის განსაზღვრული. ეს არის წინასწარ დაგეგმილი პროპაგანდისტული შოუ!
საინტერესოა, ვისთან სურთ მათ დებატები, ექნებათ თუ არა დებატები პარტიებთან, ვის აკრძალვასაც ისინი აპირებენ ან რა თემაზე უნდა ჰქონდეთ დებატები.
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან მათთან მწვავე ოპონირება გვქონდეს. საქმიან დისკუსიას და დებატებს არასდროს გავურბოდით – ნებისმიერი საქმიანი დისკუსიისთვის მზად ვართ.
დებატები უნდა ემსახურებოდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ობიექტური და რეალურi პასუხების გაცემას, სადაც ნებისმიერ მხარეს ექნება შესაძლებლობა იმისა, იმ რეალურ პრობლემებზე ისაუბროს, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ – იქნება ეს უმუშევრობა, კორუფცია, საგარეო პოლიტიკური ვექტორი. თუ პოლიტიკური დებატები მოემსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის ობიექტური რეალობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და არა “ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივების გამძაფრებას, ბუნებრივია, მზად ვართ მასში მონაწილეობა მივიღოთ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.