კანონიერი თაღლითობა “ქართული ოცნების” ნებართვით. კერძო მევახშეები უკვე 6 წელია მოქმედებენ სქემით, რომელსაც ხელისუფლებამ ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო. 2018 წელს დაწესებულ შეზღუდვებს თაღლითებმა გვერდი მოხერხებულად აუარეს და დღევანდელ დღემდე ფაქტობრივად ლეგალურად ძარცვავენ მსესხებლებს, რომლებიც კომერციული ბანკების უარის შემდეგ ფულის სასესხებლად კერძო პირებთან მიდიან.
სქემა – ანუ კანონის გვერდის ავლის გზა, ძალიან მარტივია და მის შესახებ ყველასთვის ყველაფერი ცნობილია. თუმცა “ქართულ ოცნებას” ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების კანონიერი ძარცვის შესაჩერებლად. ბოლო დღეების სკანდალის ფონზეც სამოქალაქო საზოგადოება სწორედ მევახშეობის საბოლოო და უმკაცრეს რეგულირებას მოითხოვს – რაზეც მმართველ პარტიას ჯერ რეაგირება არ ჰქონია.