ლევან მახაშვილი: ძალიანაც კარგი, რომ ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე მოსმენა გადაიდო – იმედია, საერთოდ არც შედგება

ძალიანაც კარგი, რომ ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე მოსმენა გადაიდო – იმედია, ასეთი მოსმენები საერთოდ არც შედგება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მოსმენის გადადებით, საქართველოს არც არაფერი დააკლდა და არც არაფერი შეემატა.

“ვერ გეტყვით, რა არის [გადადების] რეალური მიზეზი, მაგრამ ამით რომ არც არაფერი დააკლდა და არც არაფერი შეემატა სახელმწიფოს, ფაქტია. პირიქით, მე უფრო ვიტყოდი, რომ ძალიანაც კარგი, რომ გადაიდო, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს. ყოველთვის ვამბობთ, ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას ასეთი მოსმენები ხელს ნამდვილად არ უწყობს. ჩვენს საზოგადოებას მოუსმენია წინა გამოსვლები, ნახეს რეალურად რაზე იყო საუბარი – ტყუილების და დეზინფორმაციების გავრცელება, დაბრალება, ქვეყნისთვის ათასი იარლიყის მიწებება. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობების გადატვირთვას ხელს ვერ შეუწყობს. მოხარულები ვართ, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს მოსმენა გადადებული. იმედია, ასეთი მოსმენები საერთოდ არც შედგება,” – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო.

“ეს ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე იყო დაანონსებული.

ასევე დაგაინტერესებთ