პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და მისი რეალური მიზანი არის ქვეყნის ახალი თაობის იზოლირება ევროპული მომავლისგან.
ტატა ხვედელიანის შეფასებით, კონცეფციაში წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება ჩაკეტილ, კონსერვატიულ და კონტროლირებად სისტემას.
„როგორც უმაღლესი განათლების სფეროში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, აქაც ნათლად იკვეთება ერთი და იგივე მიზანი – განსხვავებული აზრის გაქრობა საზოგადოებრივი სივრციდან, პარტიული ვერტიკალისთვის კიდევ მეტი დაქვემდებარება, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და არა განათლების სისტემაში არსებული რეალური გამოწვევების აღმოფხვრა.
დამტკიცებული კონცეფცია არ პასუხობს ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. მისი რეალური მიზანი არის ქვეყნის ახალი თაობის იზოლირება ევროპული მომავლისგან და საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო მეტად ჩამოშორება ევროპულ და დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეებს. კონცეფციაში წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება თანამედროვე, კრიტიკულ და კონკურენტუნარიან განათლებას – ისინი ემსახურება ჩაკეტილ, კონსერვატიულ და კონტროლირებად სისტემას.
ჩვენ დაველოდებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებს და თითოეულ მათგანს ოპონირებას გავუწევთ. დაწყებული გვაქვს, ასევე, კონსულტაციები განათლების სფეროს ექსპერტებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან. ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდით”, – აცხადებს ტატა ხვედელიანი.




