როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის, 52 წლის სიმონ (სოსო) წაქაძის ცხედარი 26 იანვარს, სუს-ის შენობასთან, “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილში ნახეს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ნახეს წერილიც, თუმცა მისი შინაარსი ჯერჯერობით არ ხმაურდება.
“ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი. მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გარდაცვლილი მამაკაცი ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი იყო, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა.
“რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის, რომ რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიც. რაც იკვეთება ახლა და ვიცით თანამშრომლებისგან – ის ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, ავტომანქანის გვერდით სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის მხოლოდ პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის ცნობილია. სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს”, – ამბობენ სუს-ში.
მოგვიანებით სუს-მა დამატებით გაავრცელა ინფორმაცია მომხდარზე და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს. “კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის. სიმონ წაქაძე 2015 წლიდან მუშაობდა ჩვენს სამსახურში და იყო ღირსეული, გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც გამოირჩეოდა საქმისადმი ერთგულებითა და მაღალი პროფესიონალიზმით. უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ტკივილს. უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ მანიპულაციური განცხადებებისგან და პატივი სცენ გარდაცვლილის ხსოვნას”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- ბუნებრივია საზოგადოებაში მომხდარის ირგვლივ სხვადასხვა მოსაზრებებია და ეჭვებია – მომხდარი ტრაგედია განხილვის საკითხი გახდა და ახლა ელოდებიან გამოძიების დასრულებას. სოსო წაქაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მეორე სვირიდან იყო. მას და მის ოჯახს მთელი სოფელი იცნობს და ყველა განიცდის მომხდარს. გარდაცვლილი უკვე მიასვენეს მშობლიურ სოფელში და ოჯახი სამძიმარს იღებს. თანასოფლელებს ძალიან უკვირთ მომხდარი, ამბობენ, რომ მთავარ კითხვაზე პასუხს გამოძიებისგან ელოდებიან. მათი თქმით, სოსო დეპრესიული ადამიანი არ იყო. რა წერია წერილში, რომელიც მან დატოვა, ამის გარკვევას ყველა ცდილობს.
ერთ-ერთი ინფორმაციით, წაქაძე აქტიურად მონაწილეობდა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამოძიებაში, თუმცა ამაზე ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ არაფერს ამბობს.
“სოსოს დაღუპვის ეს უმძიმესი ამბავი გუშინ გავიგეთ და მთელი სოფელი შეძრულია ამით. ძალიან კარგი პიროვნება იყო, მასზე ცუდს ვერავინ იტყვის. პატიოსანი, გადასარევი ოჯახის შვილი, თვითონაც კარგი ცოლ-შვილის პატრონი. მამა გარდაცვლილი ჰყავს, მისი დედა, ქალბატონი გულიკო მეორე სვირის სკოლის პედაგოგი გახლდათ, უამრავი მოსწავლე აღზარდა.
არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა, სოფო, მისი მეუღლე, ძალიან კარგი ადამიანია, სამი შვილის მამა იყო, სამი ქალიშვილის, ჰყავს ტყუპი გოგონები და მერე კიდევ შეეძინათ გოგონა, რომელიც სკოლის მოსწავლეა. ძალიან თბილი ადამიანი იყო, ყველას დამხმარე, ყველას გვერდში მდგომი, რა მოხდა და რატომ, არ ვიცით. დედამისი ღირსეული და დამსახურებული პედაგოგია, ახლა პენსიაშია, მაგრამ დღემდე აქვს თავის კოლექტივთან კავშირი.
სოსოს მეუღლე – სოფო უცხოეთშია, თითქმის 8 წელია, რაც ემიგრანტია, შარშან იყო ჩამოსული.
ალბათ სადღაც ერთი თვის წინ ვნახე სოსოს დედა, გვიყვებოდა, – სოსომ ოპერაცია გაიკეთა და ახლა ძალიან კარგად არისო. უხაროდა ოპერაციის შემდეგ რომ დაიკლო წონაში. მსუქანი ბიჭი იყო და უჭირდა მოძრაობა. როგორც დედამ გვითხრა, – საუკეთესო ექიმთან და საუკეთესო კლინიკაში გაიკეთა ოპერაცია…
სოსოს ტყუპი გოგონები უკვე დიდები არიან, ერთი ქალიშვილი ჩვენს სოფელში – მეორე სვირში გათხოვდა, ამაყობდა კიდეც სოსო, – თბილისში გაზრდილმა გოგომ სოფელში მოინდომა ცხოვრებაო. კარგი ოჯახი აქვს, ორი შვილი ჰყავს. მოკლედ, სოსო ბაბუაც იყო, თან საუკეთესო ბაბუა.
ბედნიერი ოჯახი ჰქონდა, პატარა გოგონა სკოლის მოსწავლეა. მისი მეუღლე ემიგრაციაში რომ წავიდა, სოსოს დედა, ქალბატონი გულიკოც წავიდა თბილისში. ის იყო შვილიშვილებთან, ეხმარებოდა სოსოს შვილების აღზრდაში. ამ ტრაგედიის დროსაც ქალბატონი გულიკო თბილისში იყო. სოფოს ემიგრაციაში წასვლამდე ვიცი, რომ ნაქირავებში ცხოვრობდა ოჯახი, ახლა არ ვიცი, აქვთ თუ არა თბილისში ბინა. ამ თემაზე მათთან არ მისაუბრია. შოკირებული ვართ ამ ამბით და ვერ აგვიხსნია, რატომ უნდა მოეკლა სოსოს თავი. დეპრესიული ადამიანი არ იყო, სულ ღიმილით მხვდებოდა… ქალბატონ გულიკოსთან ძალიან ხშირად მქონდა კონტაქტი, მაგრამ არასდროს უთქვამს, რომ რაიმე სერიოზული პრობლემები ჰქონდა სოსოს.
ბევრი ვერსია განიხილება სოფელში, მაგრამ რადგან ეს ჯერ ჭორებია, ამ ვერსიებზე ვერ ვისაუბრებ.
ოჯახს ერთი დიდი ტრაგედია წლების წინ დაატყდა თავს – სოსოს მოზარდი დისშვილი გარდაიცვალა. ეს უმძიმესი ტრავმა იყო მთელი ოჯახისთვის, ქალბატონი გულიკოსთვის და ახლა სოსოს დაღუპვით გამოწვეული ტკივილი დაემატა. იმედია გაირკვევა ყველაფერი… რატომ უნდა მოეკლა თავი, როდესაც ბედნიერი ოჯახი ჰქონდა, კარგი შვილები და უსაყვარლესი შვილიშვილები?!
როგორც გავიგე, მისი მეუღლე ხუთშაბათს ჩამოვა ემიგრაციიდან და აქ ასეთი მძიმე ამბავი დახვდება. მინდა სამძიმარი ვუთხრა მთელ ოჯახს ამ ტრაგედიის გამო”, – გვეუბნება გარდაცვლილის თანასოფლელი.




