თბილისიდან დასავლეთის ზოგიერთ მიმართულებაზე საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა

თბილისიდან დასავლეთის ზოგიერთ მიმართულებაზე საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა | ინფორმაციას “ბიზნესპრენიუსი” ავრცელებს და წერს, რომ ხაშურის მიმართულებით მგზავრობის ფასმა 3 ლარით მოიმატა. როგორც გამოცემას ავტოსადგურ „დიდუბის” დირექტორმა ნესტორ მიქატაძემ განუცხადა, ფასების ზრდა მოსალოდნელია სხვა მარშრუტებზეც
💬 „რამდენიმე დღეა, ფასი გაიზარდა ხაშურის მიმართულებით. ეს მოხდა მძღოლების მოთხოვნიდან გამომდინარე. უშუალოდ მგზავრთგადამყვანების მოთხოვნა იყო ასეთი. 7 ლარი ღირდა 10 გახდა.
თურმე, იქიდან მომავალმა ტრანსპორტმა, იანვრის დასაწყისიდან გაზარდა ფასები. ამის შემდეგ სთხოვდნენ ჩვენს დისპეჩერსაც მძღოლები. განცხადებითაც მოგვმართეს, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს ვიკავებდით, სხვები არ იზრდება-მეთქი, ამ არგუმენტს ვეუბნებოდით. თუმცა, ახლა უკვე სხვებიც საუბრობენ გაძვირებაზე.
მძღოლების მხრიდან მოთხოვნა არის სხვა მიმართულებებზეც, მაგრამ სანამ ოფიციალურად არ მოგვმართავენ, სანამ განცხადებას არ დაწერენ და ხელს არ მოაწერს ყველა, მანამ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ხაშურზე ერთობლივად რომ მოგვმართეს, წინააღმდეგი ვეღარ წავედით.
კონკრეტულად რაც შემიძლია დაგისახელოთ, კიდევ საუბარია, წყალტუბოზე. ქუთაისიც 20 ლარი ღირს და წყალტუბოც, ამიტომ აპირებენ მომატებას. თუმცა, ჯერ-ჯერობით ჩემთვის ოფიციალურად არ მოუმართავთ.
ხაშურზეც მინდა გითხრათ, რომ კარგა ხანს „ვიჭერდით“ ფასებს. ვეუბნებოდით, დაკარგავთ კლიენტებს, მაგრამ როცა ყველგან გაიზარდა ფასები, ჩვენს შემოგარენში, ვერაფერი ვეღარ გავაკეთეთ. მხოლოდ ჩვენი ავტოსადგურიდან ხომ არ დადის ეს მიმართულება?! ყველამ რომ გააძვირა, ბოლო ვიყავით ჩვენ, ვინც დავთანხმდით ფასის მატებას. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ განვიხილეთ და დავაკმაყოფილეთ“ | განაცხადა ნესტორ მიქატაძემ