სოხუმის ცნობით, ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს და ენგურის პუნქტით გამოაძევეს

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყების თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წინააღმდეგ მიმართული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში დააკავეს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე კულდიპ სინგჰი.
სოხუმის ცნობითვე, “უცხოელი ეჭვმიტანილია უცხოური სადაზვერვო საქმიანობასთან კავშირში”.
„აფხაზეთში არსებული საკუთარი კავშირებისა და კონტაქტების გამოყენებით, იგი ამუშავებდა პროექტს, რომელიც საშუალებას მისცემდა მიეღო მონაცემები აფხაზეთის დასახლებული პუნქტების განლაგების, სამხედრო ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმის საქალაქო სასამართლომ, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის არასასურველობასთან დაკავშირებით.
“კულდიპ სინგჰი ოფიციალურად გააძევეს აფხაზეთის ფარგლებს გარეთ ენგურის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით”, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.