– ძალიან ცუდი მემკვიდრეობაა, რაც უკრაინასა და საქართველოს ოფიციალურ ურთიერთობებში არის შექმნილი, უმძიმესია მდგომარეობაა – იმედი გვაქვს, ელჩის ახალი დავალება ორიენტირებულია იმაზე, რომ ადრე თუ გვიან, ეს ურთიერთობები აღდგეს

უკრაინულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა დღემდე, რაც მათივე მიზეზითაა შექმნილი – იმედი გვაქვს, ელჩის ახალი დავალება ორიენტირებულია იმაზე, რომ ადრე თუ გვიან, ეს ურთიერთობები აღდგეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თავის დროზე, საქართველოდან ელჩის გაწვევა მტრული ნაბიჯი იყო და „ამ მტრულ ნაბიჯს, ადრე თუ გვიან, ბოლო უნდა მოეღოს და ხელისუფლებათა შორის ურთიერთობები, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გამოსწორდეს“.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, სხვადასხვა ფორმატში, საქართველოს მიერ უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა არის გამორჩეული და ეს უნდა დაფასდეს.
„ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება ამ თემასთან დაკავშირებით – რა ამოცანები განუსაზღვრა ელჩს, რა დავალებები მისცა. ძალიან მძიმე იყო პერიოდი, როდესაც ზელენსკი გამოჩნდა რადიკალების მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე, როდესაც ხალხს მთავრობასთან დაპირისპირებაზე მოუწოდა, როდესაც ელჩი იმიტომ გაიწვია, რომ საქართველო ომში არ ჩაერთო. უკრაინულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა დღემდე. ეს მათივე მიზეზითაა შექმნილი. შემდეგ თავადვე აღიარეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები არავინ მისცა და იმიტომ ვერ თქვა უარი ნატოში შესვლაზე. თავადვე თქვეს, რომ ომში ჩაგვრთეს მაშინ, როდესაც მოლაპარაკება შესაძლებელი იყოო. უამრავი პრობლემა შეუქმნეს ევროპას, კავკასიას, რეგიონს და რაც მთავარია, თავის ხალხს, უკრაინულ ოჯახებს. ახლა დავალება, რაც აქვს მიცემული ელჩს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არის ორიენტირებული იმაზე, რომ ადრე თუ გვიან, ეს ურთიერთობები აღდგება და ღირსეულად გაუსწორდება იმ ჩვენს ძალისხმევას, რომელიც დავხარჯეთ პოლიტიკურ სივრცეში. სხვადასხვა ფორმატში, ჩვენ მიერ უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა არის გამორჩეული და ეს უნდა დაფასდეს. მიუხედავად ამისა, დამოკიდებულება დღემდე არის რადიკალურად უარყოფითი. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ არ ვილაპარაკოთ იმ ძალიან ცუდ მემკვიდრეობაზე, რომელიც დღემდე უკრაინასა და საქართველოს ოფიციალურ ურთიერთობებში არის შექმნილი. უმძიმესია მდგომარეობა. ალბათ, უფრო მეტი განცხადება გაკეთდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოცანებით ჩამოდის ახალი ელჩი საქართველოში. რისთვისაც გაიწვიეს ელჩი საკმაოდ სერიოზული, მტრული ნაბიჯი იყო და ამ მტრულ ნაბიჯს, რასაკვირველია, ადრე თუ გვიან ბოლო უნდა მოეღოს, ერთხელ და სამუდამოდ, გამოსწორდეს ურთიერთობები ხელისუფლებათა შორის. ხალხთან ჩვენ ურთიერთობა არასდროს გაგვიწყვეტია და რამდენიც შეგვეძლო, პოლიტიკურადაც და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, სერიოზული მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ. უკრაინაში არც იციან, რომ აქ ბავშვები სწავლობენ, არც იციან უკრაინაში რომ აქ ბანაკები მოვუწყვეთ ბავშვებს. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ უკრაინაში ყოველდღიურად მიმდინარეობს ანტიქართული პროპაგანდა მედიის ყველა საშუალებით. მეგობრები გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ წარმოუდგენელი ხდება, საქართველოს მოძულე განცხადებები კეთდება ყოველდღიურად. რასაკვირველია, ძირითადად, მთავრობას უტევენ, მაგრამ რეალურად, შექმნილია ძალიან ცუდი სურათი. პროპაგანდისტული ველი არის მძიმე ტოქსიკურ მდგომარეობაში საქართველოსთან მიმართებაში. იმედი მაქვს, პროცესები განვითარდება ისე რომ ჩვენ პოლიტიკურ ურთიერთობას, ადრე თუ გვიან, აღვადგენთ“,- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა. უკრაინული მედიის ცნობით, მიხაილო ბროდოვიჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან მუშაობს. ბროდოვიჩი 2015–2022 წლებში სლოვენიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.