სომხეთ-თურქეთის საზღვარზე გამშვები პუნქტი მზადაა ექსპლუატაციისთვის – ერევანი

სომხეთ- თურქეთის საზღვარზე მდებარე „მარგარა“ საბაჟო გამშვები პუნქტი ტექნიკურად აღჭურვილია და აქვს ყველა საჭირო დანადგარი მგზავრებისა და ტვირთების მომსახურებისთვის.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რაფაელ გევორგიანმა „მარგარა“ გამშვები პუნქტის მონახულების დროს განაცხადა.
„გამშვები პუნქტი სრულად არის რეაბილიტირებული და მზადაა საბაჟო მომსახურების შესრულებისთვის. ყველა საჭირო მოწყობილობა განთავსებულია და აღჭურვილია როგორც მგზავრების, ისე ტვირთების მომსახურებისთვის. სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა უკვე დაასახელა თანამშრომლები, რომლებიც უნდა უზრუნველყონ საბაჟო მომსახურება აღნიშნულ გამშვებ პუნქტში, და საზღვრის გახსნის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მოვახდინოთ საჭირო მომსახურება“, – განაცხადა სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მოადგილემ.
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო გამშვები პუნქტების საბაჟო მომსახურებისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის, არამ პეტროსიანის განცხადებით, „მარგარა“ გამშვები პუნქტი სრულად მზად არის ექსპლუატაციისთვის .
„არსებობს საჭირო რენტგენული დანადგარები მგზავრების საბარგულის ფიზიკური შემოწმებისთვის, ელექტრონული სიგანეები, სხივური მოწყობილობები ფიზიკური პირების შემოწმებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებების სხივური კონტროლის მოწყობილობები“.