სასამართლო პროცესებზე შეკრების თავისუფლების მთელი კონტექსტი დაკარგულია, რასაც საპირწონედ ადამიანების თავისუფლება ეწირება – შეიძლება სრულად უადგილოც კი იყოს სამართლებრივი ანალიზი ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ტროტუარზე პროტესტს ეხება, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა, რითაც შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილებები, ტროტუარზე დგომის ფაქტზე კონკრეტული მომიტინგეებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ.
როგორც ონიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას აღნიშნა, ტროტუარებზე პროტესტისთვის ადამიანების დაკავებას შეიძლება მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს.
„სამართლებრივად ბევრი არგუმენტი არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება სრულად უადგილოც კი იყოს სამართლებრივი ანალიზი ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ტროტუარზე პროტესტს, როდესაც შეიძლება ამ პროტესტის გამო ადამიანებს ჯერ ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოთ, შემდგომ უკვე, განმეორებით შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯონ – ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს.
რეალურად, გვაქვს მდგომარეობა, როდესაც გვეუბნებიან, რომ ტროტუარზე პროტესტი ხელს უშლის გამვლელებს გადაადგილებაში. თუმცა ამ კონტექსტში არსად არ ფასდება, რა უფლებები აქვთ შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე პირებს. ამ უფლების მთელი მთავარი ქვაკუთხედი ისაა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ის ადგილი, სადაც იკრიბებიან. შეკრების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის გზავნილის მიტანა, იქნება ეს საზოგადოებამდე თუ ხელისუფლებამდე.
სასამართლო პროცესებზე, ვხედავთ, რომ შეკრების თავისუფლების მთელი კონტექსტი არის დაკარგული, რასაც საპირწონედ ეწირება ადამიანების თავისუფლება. ადამიანმა უსამართლოდ ერთი დღეც რომ გაატაროს იქნება იზოლატორი თუ საპატიმრო და სხვა ტიპის დაწესებულება, ეს არის უხეში ჩარევა, მით უმეტეს, როდესაც გამოხატვის თავისუფლებისთვის ხდება.
ტროტუარებზე პროტესტისთვის ადამიანების დაკავებას ვაფასებთ არა მარტო, როგორც ამ ინდივიდუალური აქტივისტების მიმართ რეპრესიებად, არამედ ფართო სურათში ვხედავთ, როგორც შეკრების თავისუფლებაზე ზემოქმედებას. ამას შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი. თუ ადამიანი ჩათვლის, რომ მისთვის საპროტესტო სივრცე არსად არსებობს ისე, რომ არ ეშინოდეს შემდგომი რეპრესიების სხვადასხვა ფორმით, ეს მნიშვნელოვნად შეარყევს იმ ფუნდამენტურ საყრდენებს, რაც დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, საზოგადოებას, რომელიც უპირველესად დგას თავისუფალ აზრზე“,- განაცხადა ონიანმა.
ამასთან, საია-ს თავმჯდომარემ შეაფასა გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას გაკეთებული განცხადებები. მისი თქმით, განხილვისას გაჟღერებული განცხადებები არ არის „რეკომენდაცია, რომელიც ერთხელ გაიცემა და აღარავინ დაუბრუნდება“.
„უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის დროს სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან დადასტურება იმისა, თუ რაც ხდება ქვეყანაში – რომ ეს არის ადამიანის უფლებების კრიზისი, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, რომ განსაკუთრებული ზეწოლაა ბოლო პერიოდში შეკრების გამოხატვის თავისუფლებაზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, ეს არის უმნიშვნელოვანესი. იმიტომ, რომ ეს არ არის რეკომენდაცია, რომელიც ერთხელ გაიცემა და აღარავინ დაუბრუნდება. საქართველოს მოუწევს, რომ შემდგომ უკვე პასუხი გასცეს, გარკვეული პერიოდულობით, როგორ შესრულდა ეს რეკომენდაციები.
[რაც შეეხება იმას, რომ ამ ღონისძიებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე წარმოადგენდა, რომელიც დასანქცირებულია], ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ადამიანის უფლებებს ხედავს მნიშვნელოვან პრიზმაში, მნიშვნელოვანი უნდა იყოს ასეთ ღონისძიებებზე სახელმწიფო წარმოადგინოს ისეთმა პირებმა, რომლებსაც არ აქვთ გარკვეული ინტერესთა კონფლიქტები. ამასთან, ადამიანებმა, რომლებიც თავიანთი საქმიანობით არ არიან დადანაშაულებულები ადამიანის სხვადასხვა უფლებების დარღვევაში.
ამ შემთხვევაში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი შეფასება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა 2024 წელს შეკრების თავისუფლების კუთხით ქვეყანაში. მათ შორის ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, თუ შეიძლება კითხვა დავარქვათ ამას და არა შეფასება, რომელიც გაკეთდა წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევასთან დაკავშირებით, ამასთან, სისტემურ წამებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ ონიანმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა საია-ს მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ სარჩელზე, რომლის განხილვაც სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო. ონიანის თქმით, არა უგვიანეს ერთი წლისა, შესაძლოა, მხარეებს შორის საქმის არსებითი განხილვის ეტაპი, კომუნიკაციის კუთხით, დასრულებული იყოს.
„იმის თქმა, როდის შეიძლება ველოდოთ გადაწყვეტილებას, რთულია. სტრასბურგის სასამართლოს რაიმე განსაზღვრული ვადები არ აქვს. სახელმწიფოსთვის უკვე განსაზღვრულია მაისის პერიოდი, როდესაც მან შემოპასუხება უნდა წარმოადგინოს ჩვენს საჩივარზე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით, არა უგვიანეს ერთი წლისა, უკვე საქმის არსებითი განხილვის ეტაპი, კომუნიკაციის კუთხით, მხარეებს შორის, ანუ მომჩივანსა და სახელმწიფოს შორის, დასრულებული იქნება. ამის შემდეგ უკვე სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად“, – განაცხადა თამარ ონიანმა.




