პროკურატურა პოეტ ზვიად რატიანისთვის ბრალის კვლავ დამძიმებას მოითხოვს

სააპელაციო სასამართლომ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი გელაშვილის 9 ოქტომბრის განაჩენი, რომელიც გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
9 ოქტომბრის განაჩენით, მოსამართლემ ზვიად რატიანის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევად შეაფასა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ ზვიად რატიანის უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვა. ადვოკატები აცხადებენ, რომ იმ მომენტში პოლიცია არ ახორციელებდა არავითარ ღონისძიებას, შესაბამისად, რატიანი მას ხელს ვერ შეუშლიდა.
თავის მხრივ, პროკურორმა მოითხოვა, სილის გაწვნა შეფასდეს არა ხელის შეშლად, არამედ პოლიციელზე თავდასხმად.
როგორც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა საქმის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად შეცვალა წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია და არასამართლიანად მსუბუქი სასჯელი გამოიყენა, რითაც, მისი სიტყვებით, დაირღვა სამართლიანობის პრინციპი.
ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს თბილისში, პარლამენტთან, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. პროკურატურა აცხადებს, რომ 22:30 საათზე ზვიად რატიანი მიუახლოვდა რუსთაველზე მდგარ სამ პოლიციელს და ჰკითხა, ქალი რომ არის ციხეში, თუ მოგწონთო. (იგულისხმებიან ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და მაშინ ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფი ნინო დათაშვილი). შემდეგ იკითხა, მათგან რომელი იყო ხელმძღვანელი და ხელი გაარტყა თემურ მეშველაშვილს (დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსი). ზვიად რატიანი ადგილზევე დააკავეს.
დღეს, 27 იანვრის სხდომაზე დაცვის მხარემ სასამართლოს განუცხადა, რომ ერთჯერადად ხელის დარტყმა ჯანმრთელობას არ აზიანებს და ეს არ არის ძალადობის ის სახე, რომლის გამოც ადამიანს შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მიესაჯოს.
„ზვიად რატიანის ხელი სანახევროდ შეეხო პოლიციელის სახეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი ობიექტური მტკიცებულება, რომ დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. სიწითლე ან ნაკაწრიც კი არ აღენიშნებოდა“, – თქვა ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა.
თავად ზვიად რატიანმა სხდომის დასასრულს განაცხადა, რომ არ ელოდა, დღესაც თუ სილის გაწვნის მტკივნეულობაზე ილაპარაკებდნენ.
„სურვილი რომ გაგჩენოდათ გამოძიების რამე ეტაპზე, გაგერკვიათ, რამდენად მტკივნეულია ჩემი გაშლილი მტევანი, მე უარს არ ვიტყოდი ექსპერიმენტში მონაწილეობაზე…“ – თქვა ზვიად რატიანმა.
სასამართლოს მორიგი სხდომა გაიმართება 2 თებერვალს, 15 საათზე.