70 % -იანი დამწვრობა მქონდა, თვალში იყო ნაკაწრები – რას ჰყვება ქალი, რომელმაც 2023 წლის აქციებზე მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა

მარიამ გელოვანი ის ადამიანია, რომელიც 2023 წლის აქციებზე დარბევების დროს მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა.

დღეს ის მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადის, რადგან საქართველოში ვერ დაადგინეს რატომ დაკარგა მხედველობა, შესაბამისად, ვერც მკურნალობის კურსი დაუნიშნეს.

მარიამ გელოვანმა გადაცემა “რეაქციაში“ დეტალურად გაიხსენა თავისი ისტორია და მოყვა, როგორც დაუზიანდა თვალი, რასაც მხედველობსი 100 პროცენტიანი დაკარგვა მოჰყვა.

ჩემი ამბავი დაიწყო 2023 წლის რუსული კანონის მიღების პედიოდიდან, ხშირად დავდიოდი აქციებზე მანამდეც, შემდეგაც მინდოდა, თუმცა ამ დარბევის შემდეგ ვეღარ ვახერხებდი. ძალიან დიდი შიში დამიტოვა, რაიმე დაავადება, ან სხვა რამე არ შემმთხვეოდა. 2023 წელს მოვყევი 7-8 მარტის აქციების დროს, საშინელება ის იყო, რომ ჩემ დასთან ერთად ვიყავი და ის რომ არ ყოფილიყო, მარჯვენა თვალითაც ვერ დავინახავდი. მარჯვენაზე ხელი ამაფარა და მარცხენაზე ვეღარ, ამიტომ დაზიანდა მთლიანად. საავადმყოფოში რომ წამიყვანეს სასწრაფოს მანქანით, ექიმმა მითხრა, რომ ბევრჯერ მინახავს წიწაკის სპრეით, ან გაზით მოწამვლა, მაგრამ ეს მსგავსი შემთხვევა არ არისო. 70 პროცენტიანი დამწვრობა მქონდა და თვალში იყო ნაკაწრები, იმ ღამესვე დამეწყო ცრემლდენა და შეშუპება და მეორე დღეს ორივე თვალი ისე დამისივდა, ვერ ვახერხებდი გახელას და რამის დანახვას. დამჭირდა ოპერაციები, თუმცა, ექიმმა მითხრა, რომ მარცხენა თვალზე ოპერაციას მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად გაუკეთებდნენ, მხედველობის აღდგენას კი ვერ შეძლებდნენ. ამის გამო გადავწყვიტე საფრანგეთში წამოვსულიყავი. საქართველოში ვერც დაადგინეს რა მჭირდა, – თქვა გელოვანმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, მარცხენა თვალში  მხედველობა არ აქვს, თუმცა, ექიმები იმედს აძლევენ, რომ მცირედით მაინც დაუბრუნდება, თუმცა ამისთვის, კვლავ ოპერაციები იქნება საჭირო.