სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ზაზა შათირიშვილის მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც შათირიშვილი “დიფ სთეითსა” და ევროკავშირზე წერს.
შათირიშვილის შეფასებით, ახლა “დიფ სთეითი” მისდამი “მონურ მორჩილებაში მყოფი” ევროპის დისკრედიტაციას საკუთარი ხელით და ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს.
გთავაზობთ შათირიშვილის წერილს:
“დროის მოკლე მონაკვეთში, ევროკავშირის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის რიგით მეორე კვლევა ქვეყნდება, რომელსაც ამჯერად ცნობილი და ავტორიტეტული კომპანია FGS Global – ი აწერს ხელს და რომელიც ევროპელთა პოლიტიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ განწყობებს შეეხება. მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აჩვენებს მოსახლეობის აბსოლუტურ ნიჰილიზმსა და უიმედობას საკუთარი მთავრობებისა და ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის მიმართ, ფართედ შუქდება სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მასობრივი მედიის საშუალებებში. კვლევის მთვარი სათქმელი კი ასე იკითხება – გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ „ევროკავშირის საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში „უფრო რთული იქნება შემდეგი თაობისთვის“.
იქამდე იყო Ipsos-ის ასევე მასშტაბური კვლევა, რომელიც, როგორც თავად ამ კომპანიის ხელმძღვანელებმა გვაცნობეს, 5 თვის განმავლობაში მზადდებოდა და ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში ჩატარდა. ევროპელი მოქალაქეების სკეპტიციზმის და უიმედობის დონე იქაც უმაღლეს ნიშნულზე იყო – Ipsos-ის თანახმად ევროპაში დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ამ უკმაყოფილების უკან ევრპელი მოსახლეობის 65% დგას.
ერთი შეხედვით როგორც დღევანდელმა, ასევე 2 თვის წინანდელმა კვლევამ მარტივი მოცემულობა აჩვენა – დიდი ეკონომიკური განსწავლულობა არ სჭირდება ევროკავშირის პრობლემების გაანალიზებას, ისედაც ხელის გულზე დევს გაერთიანების ღრმა კრიზისი, მაგრამ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და ცხადია, ეს არ არის უბრალოდ მორიგი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, როგორც ცდილობენ მის ტირაჟირებას. მსგავსი, უკიდურესად ნეგატიური და პოლიტიკურად დამაზიანებელი სოციოლოგიის პოპულარიზაციას კონკრეტული მიზნები და ამოცანები აქვს.
პირველ რიგში, ამ წერილის ავტორმაც და მკითხველებმაც კიდევ ერთხელ უნდა დავუდასტუროთ ერთმანეთს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ევროკავშირში, “დიპ სტეიტის”, იგივე არაფორმალური ოლიგარქოული ოჯახების მიერ ტოტალურად გაკონტროლებული მედიისა და კვლევითი ორგანიზაციების პირობებში შემთხვევით არაფერი ხდება. არც ახალ და არც Ipsos – ის ბოლო კვლევაში შემთხვევითი არც ერთი გრაფა და არც ერთი რიცხვი არ არის. ყველა გამოქვეყნებული მონაცემის უკან “დიპ სტეტის” ინტერესი დგას.
ფაქტია, რომ ოლიგარქიული მმართველობა ბოლო პერიოდში აქტიურად ეწევა მისივე მონურ მორჩილებაში მყოფი ევროპული პოლიტილური კლასის დისკრესიტაციას. “დიპ სტეიტი” ევრობიუროკრატიის და ზოგადად, ევროპაში პოლიტიკის უუნარობის დამტკიცებას ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს, იქნება ეს კვლევები, აშშ-ს ლიდერების მხრიდან დამამცირებელი განცხადებები, უშუალოდ ევროპელი პოლოტიკოსების არააადექვატური, შეუსაბამო და დამაზიანებელი ნაბიჯები თუ კრიზისების წინა პლანზე წამოწევა ცალკეულ ქვეყნებში…
შესაბამისად, გვაქვს ერთი შეხედვით პარადოქსალური მოცემულობა – როდესაც წლების მანძილზე სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების დავალებით, აგენტურული პოლიტიკური ბიუროკრატია სრულად ანგრევდა ევროკავშირს, მისი სტაბილურობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას, დღეს ტოტალურად გაკონტროლებული მედიით და მათი შეკვეთით დაწერილი კვლევებით გვეუბნებიან, რომ თურმე ხალხი უკმაყოფილოა, თურმე პოლიტიკურმა კლასმა ვერ გაამართლა და არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი საჭიროებების უზრუნველყოფას. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ – “დიპ სტეიტმა” ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვა ჩაატარა, ხალხის უკმაყოფილება გაზომა და თავადვე, საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, თუ როგორი ცუდია ეს ყველაფერი…
ცინიზმის მწვერვალია არა? მაგრამ არა – ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ოლიგარქები მათივე დავალებით დანგრეული ევროპული კეთილდღეობის მაქსიმალურ ტირაჟორებას გააგრძელებენ, კონტროლირებად მედიებს ალაპარაკებენ რომ ეს უმძიმესი მდგომარეობა მაკრონის, მერცის, ფონ დერ ლაიენის, კალასის და პოლიტიკური “ლიდერების” ბრალია, რითაც მაქსიმალურად მოახდენენ მმართველობის ამ ფორმის უუნარობის წარმოჩენას.
საბოლოოდ კი, ყოფითი პრობლემებით გაწამებულ საზოგადოებას კორპორაციულ მმართველობას მოახვევენ თავს. ჩემი გათვლებით, უახლოეს პერიოდში ეს იქნება თავდაპირველად ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, საიდანაც სრულად განიდევნება პოლკტიკა, დემოკრატია, არჩევნები, ხალხის ხმის უფლება და სანაცვლოდ დაკანონდება მმართველობის მკაცრი, კორპორაციული ვერტიკალი, რაც რეალურად ოლიგარქიული ოჯახების უკვე არა აგენტურის ხელით, არამედ ოფიციალურ მმართველობას დააკანონებს. კორპორაციული სისტემის ერთ, საცდელ ქვეყანაში იმდენად სწრაფად გამოსწორდება ყოფითი პრობლემები, რომ სხვა ქვეყნები იგივე მოდელის დასანერგად რიგშიც კი ჩადგებიან, რაც საბოლოოდ “დიპ სტეიტის” მხრიდან ქვეყნების პირად საკუთრებაში გადაფორმებით დასრულდება.
ცალკე საკითხია რა ბედი ელით ამის შემდგომ ერებს, სარწმუნოებას, ხალხების იდენტობას, კულტურასა და ტრადიციებს, რაზეც აქ არ შევჩერდები, თუმცა კი ევროპაში მმართველობის დემოკრატიული ფორმის ტოტალური, მრავალმხრივი დისკრედიტაცია სწორედ რომ მისი გაუქმების და კორპორაციული მმართველობის დასაფუძნებლად მიმდინარეობს” – წერს ივანიშვილის პირადი ფანტაზიორი.




